მოსაზრება: ევროპამ რუსეთს საკუთარი თავის წინააღმდეგ სუპერიარაღი უბოძა

© AP Photo / Dmitry Lovetsky„ჩრდილოეთის ნაკადი 2“
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
ბოლო თვეებში გაზთან დაკავშირებულ სიგიჟეს თამამად შეიძლება ეწოდოს ნომერი პირველი ენერგეტიკული თემა.
გუშინდელი დღე დაიწყო 2100 დოლარიანი ნიშნულით – სწორედ ამდენი ღირდა ევროპის გაზის ბირჟაზე, TTF-ზე ათასი კუბომეტრი ბუნებრივი აირი. რიცხვი თავისთავად რეკორდული არ არის, მაგრამ მეტად მტკივნეულია ნებისმიერი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ვინ წარმოიდგენდა, რომ საღამოსთვის იმდენივე საწვავი უკვე 2500 დოლარი ეღირებოდა.
ფასი ავარდა „გაზპრომის“ განცხადების შემდეგ იმის თაობაზე, რომ „ჩრდილოეთის ნაკადში“ გაზის მოცულობა გაზსადენის საპროექტო სიმძლავრის 20 პროცენტამდე დაეცა. დასავლეთის პრესა რუსეთს კვლავ დაესხა თავს ბრალდებებით, რომ ის ენერგომატარებლებს იყენებს, როგორც ჰიბრიდულ იარაღს, როგორც ბერკეტს თავისი საგარეო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და ევროპის ერთობის დასამსხვრევად.
სინამდვილეში კი გაზსადენში გაზის მოცულობა იმის გამო შემცირდა, რომ გეგმური ტექნიკური მომსახურება უტარდება მორიგ გაზის საქაჩ აგრეგატს.
წინა თვეში მთელი ევროპა თვალს ადევნებდა პირველი ტურბინის თავგადასავალს, რომელიც კომპანია Siemens Energy-მ გამორთო („როსტექნადზორის“ რეკომენდაციით) და კანადაში შესაკეთებლად გაგზავნა. ოტავამ ვაშინგტონის მოთხოვნით აგრეგატი დააპატიმრა, მოტივად კი ანტირუსული სანქციების პოლიტიკა დაასახელა და უარს ამბობდა მის გადმოცემაზე, ვიდრე სიტუაცია გერმანიისა და ევროპის გაზის ბაზარზე საგანგაშო არ გახდა. ბერლინმა მხოლოდ ხანგრძლივი და დაუღალავი მოლაპარაკებების შედეგად შეძლო საკუთრების დაბრუნება.
თუმცა ტურბინამ დანიშნულების ადგილამდე მაინც ვერ მიაღწია. გერმანიამ კვლავ დაადანაშაულა რუსეთი იმაში, რომ მას არ სურს ტურბინის მიღება და ამ მიზეზით აჭიანურებს საბაჟო დოკუმენტების გაფორმებას. „გაზპრომმა“ უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია აგრეგატის მიმდინარე სტატუსი და მოსალოდნელი შემდგომი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას გაზსადენის მუშაობისას და მისი ინფრასტრუქტურის მომსახურებისას.
მაგალითად, არ არის გარკვეული, უზრუნველყოფს თუ არა კანადა Siemens-ის დანარჩენი ტურბინების შეუფერხებელ შეტანას, შეკეთებას და დაბრუნებას, თუ ყოველი აგრეგატის დაბრუნებას დასჭირდება ბრძოლა და ამდენი დრო? მით უფრო, რომ გერმანული მხარის მიერ აღიარებული ტექნიკური ექსპერტიზის მოთხოვნით უახლოეს თვეებში საჭირო იქნება დარჩენილი გაზის საქაჩი აგრეგატების შეკეთება.
მაშინ, როცა მთელი ევროზონა მოიხმარს 396,6 მილიარდ კუბომეტრ ბუნებრივ აირს, ევროპელმა ჩინოვნიკებმა უნდა მოიფიქრონ, როგორ დაზოგონ მთელი 60 მილიარდი კუბური მეტრი ისე, რომ არ ჩაკლან ცალკეული ქვეყნის მრეწველობა.
ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიისა და საბერძნეთის ფინანსისტებმა და ენერგეტიკოსებმა ვერა და ვერ მოიფიქრეს, როგორ გადააგორონ ზამთარი რუსული აირის გარეშე ისე, რომ არ გაყინონ მოსახლეობისა და საწარმოების ნაწილი. ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ მსგავსი ვალდებულებები ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აიღონ და არა ბრიუსელის უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
ამას წინათ კიევიდან გაისმა მოწოდება აშშ-ის მისამართით, უზრუნველყონ ახალგაზრდა დემოკრატიისთვის ერთგვარი „გაზის ლენდ-ლიზი“. ადგილობრივი პროფესიონალების გათვლით, უკრაინას გადასარჩენად და ზამთრის გადასატანად სჭირდება ათი მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული თხევადი აირი. არარეალური სურვილია.
შედარებით მარტივი გამოსავალია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამუშავება. 55 მილიარდი კუბომეტრი სიმძლავრე მნიშვნელოვნად შეასუსტებდა კრიზისს, მაგრამ აქაც მთავარ როლს ასრულებს არა ლოგიკა, არამედ პოლიტიკა. ბრიუსელში გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ მეორე ნაკადის ამოქმედება ევროპის კაპიტულაციის ტოლფასია და სანქციების პოლიტიკის კრახით დასრულებას ნიშნავს.
სურვილებისა და რეალობის გადაუჭრელი წინააღმდეგობა ისაა, რომ შეუძლებელია რუსული აირის ჩანაცვლება. არცერთი რეგიონი ან ქვეყანა არ დათანხმდა რუსული ექსპორტის თუნდაც ნაწილის ჩანაცვლებას, საუდის არაბეთის მსგავსი ქვეყნები კი რუს მენავთობეებს ძალისხმევის და მოპოვების მოცულობის კოორდინირებას სთავაზობენ. რუსეთს იმდენ ხანს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის ბუნებრივ აირს იარაღად იყენებდა, რომ ეს რეალობად იქცა. თუმცა რუსეთს ამისთვის პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0