ვაქცინირებულ პირს სისხლის ჩაბარება ეკრძალება? სპეციალისტების განმარტება

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი კლინიკაში
პაციენტი კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 37.320 პირი ნებაყოფლობითი დონორია.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მითი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კოვიდ-ვაქცინაცია ხელს უშლის სისხლის დონორად გახდომას.
ცენტრის განმარტებით, თუ პირი ყველა აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ მას შეუძლია გახდეს დონორი.
საქართველოში დონორობის ძირითადი პრინციპი ნებაყოფლობაა. დონორი შეიძლება გახდეს 18-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და არ გააჩნია დონორობის უკუჩვენება. სისხლის გაღება შესაძლებელია უანგაროდ, ასევე ანაზღაურების სანაცვლოდ, აგრეთვე საკუთარი სისხლის შენახვის მიზნით.
დონორი არ შეიძლება იყოს ინფექციური დაავადების მქონე ადამიანი, ასევე შიდსით, სიფილისით, ვირუსული ჰეპატიტით, ბრუცელოზით დაავადებული, პარაზიტული და სისხლის დაავადებების მქონე პირი. დონორი აგრეთვე არ შეიძლება გახდეს პირი, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობს, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ალკოჰოლი აქვს მიღებული.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსოფლიოში არ არსებობს სისხლის შემცველი ხელოვნური ხსნარი, რომელიც ადამიანს სისხლის მაგივრობას გაუწევს, ამიტომაც სისხლის კომპონენტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის ჩაბარებაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ნებისმიერ ჯანმრთელ და ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლი ორ თვეში ერთხელ ჩააბაროს, ანუ წელიწადში 5-6-ჯერ და ეს მის ჯანმრთელობაზე გავლენას არ მოახდენს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 37.320 პირი ნებაყოფლობითი დონორია.
კანონი გადაიხედება
მაისის ბოლოს საქართველოს მთავრობამ „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირება განახორციელა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემა ძირეულ განახლებას საჭიროებს. მოქმედი კანონი, რომელიც სისხლის კომპონენტების და დონორობის საკითხებს არეგულირებს, 1995 წელს არის მიღებული და, ბუნებრივია, მთელი რიგი ასპექტები განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს, აღნიშნა გაბუნიამ.
ცვლილებების თანახმად, სისხლის წარმოების და დონაციის სისტემა მთლიანად გათავისუფლება კომერციული ინტერესებიდან. სისხლის დაწესებულება მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული პირის სტატუსით იფუნქციონირებს, მაშინ, როდესაც დღევანდელი მდგომარეობით ე.წ. სისხლის ბანკების უმრავლესობა კერძო დაწესებულებებია.
ყველა ახალი ამბავი
0