ვინაა „კაგებეს" აგენტი? სკანდალი კობახიძისა და ჟურნალისტის მონაწილეობით გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
კონფლიქტის მიზეზი გახდა ოპოზიციონერი ჟურნალისტის კითხვა: „კაგებეს“ აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ქართველი პოლიტიკოსები აქტიურად აკეთებენ კომენტარს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტზე.
კონფლიქტის და პოლიტიკოსის მკვეთრი პასუხის მიზეზი გახდა ჟურნალისტის კითხვა: „კაგებეს“ აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“
იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეს აგენტია“, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა, რომელიც ცნობილია თავისი მკვეთრი გამონათქვამებით საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიმართ.

„კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი. სახე დაკარგეთ. შენც ხარ დავით არახამია. როგორც ის არ არის კაცი, ისე შენც არა ხარ ქალი. ქალის სახე დაკარგე“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.

მმართველ პარტიაში კობახიძეს კოლეგები ამოუდგენენ გვერდში და კონფლიქტის პროვოცირებაში „პარტიული ტელეარხების“ ჟურნალისტები დაადანაშაულეს.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, არახამიას განცხადება და მასმედიის წარმომადგენლების ქცევა „აბსურდული და ღირსების შემლახველია“.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას უღირსი განცხადება არის არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ჩვენი საზოგადოების ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფაც. პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები კი წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ ამ აბსურდული და ღირსების შემლახველი განცხადების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებას“, – დაწერა ოხანაშვილმა სოციალურ ქსელში.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც ჟურნალისტი ასეთ შეურაცხმყოფელ კითხვას სვამს, პასუხისთვისაც უნდა იყოს მზად.
„თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს! ვინც მხოლოდ პასუხზე „ბრაზდება“, ის „ტრენდს“ აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს“, – დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
კობახიძის რეაქცია დაგმეს
მმართველი პარტიის თავმჯდომარის რიტორიკა და ქცევა დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას“, – დაწერა პრეზიდენტმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, თავის მხრივ, კობახიძეს ბრალი დასდო საქართველოს დასავლეთისგან დაშორების მცდელობაში.
„დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო – არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება, რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს“, – აღნიშნა მელიამ.
მან ასევე დასძინა, რომ კობახიძის მამა, შვილთან შედარებით, „უმანკო კრავად გამოიყურება“.
კობახიძის რეაქცია
ინციდენტზე კომენტარი დილით თავად ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ყველას, ვინც „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გამართლებას ცდილობს, კობახიძემ „პავლიკ მოროზოვი“ უწოდა.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ „მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან“, – დაწერა კობახიძემ.

„პავლიკ მოროზოვების“ რიცხვს მან არა მხოლოდ ოპოზიციური ტელეარხების წამყვანი ჟურნალისტები და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, არამედ საქართველოს პრეზიდენტიც მიაკუთვნა.
ყველა ახალი ამბავი
0