შეიმოწმეთ ქრომის დონე, თუ... ექიმებმა შვიდი სახიფათო მიზეზი დაასახელეს

© AP Photo / Jeff Chiu
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ქრომი მხოლოდ მანქანათმშენებლობაში და სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაში გამოიყენება, სინამდვილეში კი ეს მიკროელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის — ოღონდ სრულიად განსხვავებული რაოდენობითა და ფორმით, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ქრომის ბიოლოგიურად აქტიური ფორმები ორგანიზმს ნორმალურ მეტაბოლიზმში, ძალისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.
თუ ორგანიზმს ეს მიკროელემენტი აკლია, შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოიშვას, კერძოდ, გაიზრდება შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.

ქრომი ადამიანის ორგანიზმში

ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 6 მგ ქრომს შეიცავს. ძირითადად ეს არის კომპლექსები ცილებთან, რომლებიც ელენთაში, ღვიძლსა და ძვლებში გროვდება. მეცნიერთა აზრით, ორგანიზმში ქრომის მთავარი როლი ქსოვილების დახმარებაა გლუკოზის ათვისებაში.
გარდა ამისა, ქრომი ხელს უწყობს ცხიმების წვას, არეგულირებს კუნთების მიერ ენერგიის მოხმარებას, რაც ასტიმულირებს ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას.
არსებობს მონაცემენი იმის შესახებაც, რომ ქრომი ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას.
ამასთან ექიმები ხაზს უსვამენ, რომ საუბარია არა ექვსვალენტიან ქრომზე, რომელიც ტოქსიკურია და მუტაგენური ეფექტი აქვს, არამედ სამვალენტიანზე, რომელიც საკვებ პროდუქტებში შედის. სამვალენტიანი ქრომის დღიური ნორმა დაახლოებით 0,1 მილიგრამია.

როდის და რატომ ჩნდება პრობლემები

თუ ადამიანის კვების რაციონი დაბალანსებულია და ამასთან სერიოზული დაავადებები არ აქვს, ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ქრომს ითვისებს. მაგრამ თუ დიდი რაოდენობით ტკბილეულს, რაფინირებულ საკვებსა და ცხიმს იღებს, ქრომი აქტიურად იხარჯება და ორგანიზმში მის დამარაგებას ვეღარ ასწრებს. დეფიციტის დროს კი სისხლში გლუკოზის დონე იზრდება, ვინაიდან ქრომის ნაკლებობა ინსულინის მოქმედებას ბლოკავს.
კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ქრომის დონე თანდათან მცირდება ასაკთან ერთად, ამიტომ ხანდაზმულ ადამიანებს უფრო ხშირად აწუხებთ გლუკოზის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები.
ქრომთან დაკავშირებით გარკვეული დარღვევები შეიძლება ორსულობის დროსაც წარმოიშვას.
თუ ორგანიზმი ჭარბად შეიცავს რკინას, მაშინ ქრომის ათვისება უარესდება, განსაკუთრებით, ჰემოქრომატოზის დროს.
ქრომის რაოდენობას ასევე ამცირებს შარდმდენი პრეპარატები და გასახდომი დანამატები (საფაღარათო და შარდმდენი კომპონენტებით).

ვინ უნდა შეამოწმოს ქრომის დონე

ექსპერტების თქმით, არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქრომის დონის შემოწმება არათუ რეკომენდებული, არამედ საჭიროც კია. ეს მაშინ, თუ:
ოჯახში გყავთ ახლო ნათესავები, რომლებსაც აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი ან გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა;
გამოკვლევამ ჰემოგლობინის მაღალი დონე, ტრანსფერინისა და პლაზმური ფერიტინის მომატებული დონე აჩვენა;
ქოლესტერინის დონე სისხლის პლაზმაში მომატებულია, განსაკუთრებით მაღალია ცუდი ქოლესტერინის დონე;
დადასტურდა დიაბეტისადმი მიდრეკილება, მაგალითად, გენეტიკური ტესტების მიხედვით;
ქალს პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი გამოუვლინდა;
გამოვლინდა გლიკირებული ჰემოგლობინის მაღალი დონე და პლაზმური გლუკოზის მომატებული დონე;
დადგინდა ინსულინრეზისტენტობის მაღალი ინდექსი.

კვება ნიშვნელოვანია, თუმცა ყველა პრობლემას არ წყვეტს

ორგანიზმში ქრომის დეფიციტის შევსება მხოლოდ პროდუქტებით არ გამოვა, ვინაიდან მათში ეს მიკროელემენტი ძალიან მცირე რაოდენობით შედის. მაგალითად, თინუსი 0,09 მილიგრამ ქრომს შეიცავს და ამით ის ჩემპიონად მიიჩნევა. მაგრამ დეფიციტის დროს თერაპიული დოზა 0,2-0,4 მილიგრამი ქრომია. გამოდის, რომ საჭირო რაოდენობის მისაღებად ძალიან ბევრი თინუსი უნდა მიირთვათ.

როგორ უნდა მოვიქცეთ ქრომის დეფიციტის დროს

ქრომის სხვადასხვა პრეპარატების მიღება, მათ შორის, სხვადასხვა ბიოდანამატებისა, რომლებიც ფართოდ რეკლამირდება ინტერნეტში, მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიიღოთ. ეს იმიტომ, რომ ამ მიკროელემენტის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
გარდა ამისა, ქრომის დანამატების მიღებისას გასათვალისწინებელია სხვა მიკროელემენტებთან ურთიერთქმედება. მაგალითად, რკინა ქრომის ანტაგონისტია. ამიტომ რკინის დანამატებთან ერთად მიღებისას ქრომი შეიძლება უბრალოდ ვერ აითვისოს ორგანიზმმა და მკურნალობას ეფექტი არ ექნება.

როგორ განისაზღვრება ქრომის დონე

ქრომის დონე სისხლსა და თმაში იზომება. ამასთან დეფიციტი სისხლში ჩანს, ხოლო ქრომთან საშიში ნაერთების ტოქსიკური კონცენტრაცია — თმასა და ფრჩხილებში. ანალიზისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის — სისხლი დილით, უზმოზე უნდა აიღოთ, ხოლო თმა ან ფრჩხილი დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიმოწმოთ.
ყველა ახალი ამბავი
0