კლასიკური ჭიდაობა: ქართველი ახალგაზრდები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ

© courtesy of GeoWrestlingჭიდაობა
ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ოქროს მედლისთვის ანრი ფუტკარაძე და გორ აივაზიანი იბრძოლებენ, ბრინჯაოსთვის კი ანრი ხოზრევანიძე იჭიდავებს.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის საქართველომ 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორი ქართველი მოჭიდავე კი ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
საბა სურმანიძემ, რომელიც 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მეოთხედფინალში განცდილი მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ეგვიპტელ ჰუსეინ აბდუ ჰასანეინს 9:0 და შემდეგ თურქ ჰალილ ჩინარს ასევე 9:0 აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ბრინჯაო მოიპოვა ალექსანდრე რუსიტაშვილმაც (65 კგ), რომელმაც რეპეშაჟის პირველ წრეში იაპონელ ტაკაკუ სუძუკის მოუგო, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი პეტრო შაფრანსკი დაამარცხა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა ლუკა გელაშვილმაც, რომელიც 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. მერვედფინალში წაგების შემდეგ გელაშვილმა რეპეშაჟში იტალიელი კევინ კაძაძი დაამარცხა, გადამწყვეტი ბრძოლა კი ბულგარელ ანდრეი ატანასოვს მოუგო.
ფინალში გავიდნენ ანრი ფუტკარაძე (71 კგ) და გორ აივაზიანი (92 კგ). ფუტკარაძემ საჩემპიონო გზაზე ხორვატი მიხაელ ლუკაჩი (9:0), უნგრელი ატილა შუშორი (9:0), ამერიკელი არვინ ხოსრავი (10:0) და თურქი იბრაჰიმ ოზდემირი (13:5) დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ დავუდ მამამდოვს დაუპირისპირდება.
თავის მხრივ, გორ აივაზიანმა აზერბაიჯანელი მიხაილ ისმაილოვი (9:0), იტალიელი რიკარდო ბუფისი (11:2) და ირანელი ჰამიდრეზა კეშტკარი (5:3) დაამარცხა და ოქროს მედლისთვის გერმანელ დარიუს კიფერს გაეჯიბრება.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ანრი ხოზრევანიძე (51 კგ), გიორგი კოჩალაძე (45 კგ) კი მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან განაგრძობს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0