ქართულ ავიაბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია ბრუნდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ლიეტუვური ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით კვირაში ერთხელ იფრენს
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ლიეტუვური ავიაგადამყვანი Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, რეისები ვილნიუსსა და ბათუმს შორის 1 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და მთავრობა ხელს უწყობს ბალტიისპირეთიდან საქართველოში უფრო მეტი ტურისტის სტუმრობას.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ბალტიის ქვეყნებში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს. რეგიონის მთავარი ქალაქებთან პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა მეტ ვიზიტორს ჩამოიყვანს საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი მიმართულების არსებობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ – განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ბალტიის ქვეყნებიდან 2022 წელს იანვარი – ივნისის პერიოდში 347 პროცენტით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ლიეტუვიდან ვიზიტების ზრდამ 294.6 %, ლატვიიდან – 375.4 %, ხოლო ესტონეთიდან – 438.1 % შეადგინა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 2021 წლის 2 აგვისტოს გასცა. უნდა აღინიშნოს, რომ ლიეტუვის ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს პანდემიამდე, 2019 წელსაც ასრულებდა.
ყველა ახალი ამბავი
0