კოლხეთის ეროვნულ პარკს ზიპ-ლაინი და კლდეზე საცოცი კედლის ატრაქციები შეემატა

© courtesy of Kolkheti National Parkკოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
სამინისტროს ცნობით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება გრძელდება.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. კოლხეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს კოლხეთის ეროვნული პარკის მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს ზიპ-ლაინი და კლდეზე საცოცი კედლის ატრაქციები შეემატა.

„დღეიდან კოლხეთის ეროვნულ პარკში მისულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, საწყლოსნო სერვისების გარდა, თავი გამოსცადოს დამატებით გასართობ აქტივობებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოტურიზმის განვითარებაა, რომლის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მიმდინარეობს არსებულის რეაბილიტაცია და ემატება ახალი ატრაქციები.
კოლხეთის ეროვნულ პარკში გასულ წელს ვიზიტორთა ცენტრის ეზოში ოთხი ეკოტურისტული კოტეჯი მოეწყო, აშენდა ახალი ნავმისადგომი, განახლდა მდინარე ფიჩორის საპიკნიკე ადგილი, ამჟამად მიმდინარეობს კაფეტერიის მოწყობის სამუშაოები.
პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.
ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის — ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
ყველა ახალი ამბავი
0