გორან ბრეგოვიჩი ბათუმში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიგორან ბრეგოვიჩი
გორან ბრეგოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ემირ კუსტურიცას ფილმების მუსიკის ავტორი მსმენელის წინაშე თავის მუსიკალურ კოლექტივთან – Wedding and Funeral Orchestra-სთან ერთად წარდგება.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში პოპულარული მუსიკოსი და კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი ბათუმში კონცერტს 10 აგვისტოს გამართავს.
ბრეგოვიჩს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კარგად იცნობენ მისი როკ-ჯგუფით Bijelo Dugme, მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც ემირ კუსტურიცას ფილმების მუსიკის ავტორს. იგი ბათუმში მსმენელის წინაშე კლუბ MONO HALL-ში წარდგება.
გორან ბრეგოვიჩი სარაევოს მკვიდრია. საერთაშორისო წარმატება ბრეგოვიჩმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ფილმებისთვის მუსიკის წერა დაიწყო, განსაკუთრებით ემირ კუსტურიცას ფილმებისთვის („ბოშათა დრო", „არიზონას ოცნება" (იგი პოპის მონაწილეობით), „ანდერგრაუნდი"). მის მომდევნო პროექტს – პატრის შეროს ფილმისთვის „დედოფალი მარგო" დაწერილ მუსიკას დიდი წარმატება ხვდა წილად, მან კანის ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა.
ბრეგოვიჩი ფილმებისთვის მუსიკას 1970-იანი წლების ბოლოდან წერს. მისი საუნდტრეკები ყოველთვის გაჯერებულია სასულე ინსტრუმენტებით შესრულებული ბალკანური და ბოშური ტრადიციული მუსიკის ელემენტებით.
საგასტროლო კონცერტებზე ბრეგოვიჩი თავის მუსიკალურ კოლექტივთან Wedding and Funeral Orchestra-სთან ერთად გამოდის, ამ კონცერტებზე ფილმების მუსიკა სრულდება.
ორკესტრის ძირითად შემადგენლობაში არიან მუსიკოსები: მუკარემ რეჯეპი (დრამი, ვოკალი), ბოკან სტანკოვიჩი (საყვირი), დრაგიჩ ველიჩკოვიჩი (საყვირი), სტოიან დიმოვი (საქსოფონი, კლარნეტი), მილოშ მიხაილოვიჩი (ბარიტონი), ალექსანდრ რაიკოვიჩი (ბარიტონი) და ორი ბულგარელი მომღერალი: დანიელა რადკოვა-ალექსანდროვა და ლიუდმილა რადკოვა-ტრაიკოვა.
საქართველოში გორან ბრეგოვიჩი კონცერტს უკვე მეოთხედ გამართავს. ცნობილმა მუსიკოსმა კონცერტები ჩაატარა 2007, 2012 და 2018 წლებში.
ყველა ახალი ამბავი
0