„კონკრეტული გზავნილით მოვედი“ - ღარიბაშვილი ყაზახეთში შეხვედრებს მართავს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში შეხვედრებს მართავს
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში შეხვედრებს მართავს - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობის მეთაური ყაზახეთში 26 ივლისს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ნურ-სულთანში „აკორდას“ სასახლეში გაიმართა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ორივე ქვეყანას თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვს. თავის მხრივ, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერის ვიზიტი ყაზახეთში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
„როგორც ვიცი, თქვენი პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. შეხვედრებია დაგეგმილი იმისათვის, რომ დამატებითი სტიმული მიეცეს საერთო ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარებას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ჩვენს სახელმწიფოებსა და ქვეყნებს მჭიდრო კავშირები და მეგობრობა აქვთ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ასევე შეხვდა თავის კოლეგას, ყაზახეთის მთავრობის მეთაურს ალიხან სმაილოვს. პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„კონკრეტული გზავნილით გეწვიეთ, რათა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და კავშირები გავაღრმაოთ ყველა მიმართულებით. სავაჭრო ბრუნვა იზრდება და გასულ წელს ამ მიმართულებით 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში უკვე 150%-იანი ზრდა გვაქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ყველა ახალი ამბავი
0