მთაკაცი მეფე ქართველთა: ვახტანგ გორგასლის უკანასკნელი ბრძოლა

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გორგასლის ქანდაკება
ვახტანგ გორგასლის ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
იბერიის ტახტზე ასული ვახტანგ გორგასალი იმ დროს ირანის მეფის ვასალი იყო. ამიერკავკასიაში ირანის სატრაპს, საკუთარ პაპას, ბარდავის დიდ ერისთავ ბარზაბოდს ემორჩილებოდა. სწორედ მისი თანხმობით მოხდა ვახტანგის ტახტზე ასვლაც, შემდგომ ჩრდილოეთ კავკასიის დალაშქვრაც, დარიალის კარის ჩარაზვაცა და პონტოს დამორჩილებაც.
ბარდავის ერისთავი წონიან სიტყვას აწევდა შვილიშვილს ირანის სამეფო კარზე და ისიც დიდად დავალებულად მიიჩნევდა თავს როგორ პაპის, ისე ირანის მიმართ. ამიტომ როდესაც 470 წელს ირანის მბრძანებელმა თავისთან იხმო ვახტანგი, იბერიის მეფე მორჩილად დაადგა ანტიოქიისკენ მიმავალ გზას.
სწორედ იქ ეახლა შაჰ პეროზს და, როგორც ქართული საისტორიო წყაროები გვამცნობს, კიდეც დაუმოყვრდა მას — პეროზმა გორგასლის და მირანდუხტი შეირთო ცოლად.
ქტესიფონის სასახლეში გადახდილი ქორწილის შემდეგ სპარსელთა უზარმაზარი არმია, რომელშიც ვახტანგ გორგასალიც შედიოდა თავის 40 ათას მეომართან ერთად, ინდოეთის დასალაშქრად გაემართა.
სპარსთა ლაშქარმა ჯერ ჯორჯანეთი აიღო და დაიმორჩილა, მერე კი ინდოეთში შეიჭრა. პენჯაბის ქვეყანაში იბერიის მეფეს თხუთმეტი ინდოელი ბუმბერაზი მოუკლავს ორთაბრძოლაში. შემდეგ განგის ქვეყანა დალაშქრა სპარსელებთან ერთად, დეჰკანიც, შემდეგ დასავლეთისკენ გადაინაცვლეს — მდინარე ინდის პირას გადაშლილ სინდეთის ვრცელ ქვეყანას მიადგნენ.
იმ ბრძოლაში დაეცა ვახტანგის დიდი ეჯიბი საურმაგი, რომელიც სინდელებმა გაიტყუეს და ზურგიდან დაუშინეს სათხედები. ეჯიბმა მომხდურნი განგმირა, მაგრამ თავადაც დაიღუპა.
მისმა სიკვდილმა რისხვით აღავსო მეფე ვახტანგი. გაშმაგებულმა იბერიელებმა მთელი ძალით შეუტიეს ქალაქის მთავარ ციხეს და დიდი შეჭირვება ანახეს სინდელთ. მაშინ მჭერმეტყველებას მიმართა სინდთა მეფემ – გორგასალს ყვავისა და ქორის ამბავი მიუარაკა, თუ როგორ შესანსლა ქორმა მისი მხსნელი ყვავი.
და ბოლოს დაამატა, თურმე: შენ ხარ ყვავი იგი უგუნური, რომელსაც მამაპაპური ქვეყანა დაგიტოვებია და მშველელად სპარსელებს მოვლენილხარ... შენც შეეყრები ამ ყვავისებრ სიკვდილს, რამეთუ სპარსელები, შენი დახმარებით გაძლიერდებიან თუ არა, შენს ქვეყანასთან ერთად ჩაგყლაპავენო.
იბერიის მეფე ჩააფიქრა სინდეთის მბრძანებლის არაკმა, მაგრამ მაინც იხტიბარგაუტეხლად დაუბრუნა პასუხი:

„მე აქ არ მოვსულვარ სპარსთა მეფის მსახურად, არამედ საქრისტიანოს სამსახურად და სადიდებლად. შენ არ იცი, რომ ბევრისა-ბევრეული სული დახსნილი არს ჩემითა აქა მოსვლითა. არც რა სპარსელთა განძლიერება მაშინებს, რამეთუ ძალითა შეწევნითა ქრისტესათა კვლავ შევძლებთ თავი დავიცვათ ყოველ მტერთა მძლავრობისაგან. ისედაც საძაგელ არს გონება შენი, შენ აქებ ქორსა ღადარსა (ანუ დაუნდობელსა), რომელმაც სიკეთისათვის ბოროტებით მიუზღა. ხოლო მზად ვართ ჩვენი კეთილისმყოფელისათვის საკუთარი სული გავწიროთ, რამეთუ ამ ქვეყნად კაცთა ქება დავიმსახუროთ და იმქვეყნად საუკუნო ცხოვრება ვპოვოთ“.

მაშინ სინდთა მეფე ცხენზე ამხედრდა, საჭურველი შეისწორა და გორგასალს შესძახა: რაკი აგრერიგად გსურს უკვდავების სასუფეველი დაიმკვიდრო, მაგ ნატვრას ახლავე აგისრულებო, და იბერიელთა მეფისკენ დაიძრა.
ორთაბრძოლამ მცირე ხანს გასტანა. ვახტანგმა შუბი აძგერა მეტოქეს, ცხენიდან ჩამოაგდო, მერმე ფეხიდან დაითრია და დაატყვევა დამარცხებული.
სიხარულით აღივსო შაჰ-პეროზი. ახლა საბოლოოდ შეეძლო სინდთა ქვეყნის დამორჩილება. ვახტანგი შეეაჯა სპარსეთის მბრძანებელს, თავისუფლება აჩუქე მეფეს, მისგან მხოლოდ ხარკი და მძევლები იკმარეო. პეროზმაც ხათრი ვეღარ გაუტეხა ახლად დანათესავებულ და ბრძოლაში უძლეველ ვახტანგს — თავისუფლება მისცა სინდეთის მეფეს.
დიდად განაცვიფრა სინდეთის მეფე იბერთა მეფის სიქველემ. ეს უკვე მეორედ ჩუქნიდა სიცოცხლეს მტერი. პირველად, როცა გორგასალმა ცხენიდან ჩამოაგდო, მაგრამ წაქცეულისთვის ხმლის მოქნევა აღარ ინება, და მეორედ, როცა პეროზს მისი სიცოცხლე გამოსთხოვა. ამიტომაც მიართვა „ძღუენი მიუწვდომელი დიდძალი“ ვახტანგს.
ასე ტრიუმფით დასრულდა გორგასლის ინდური ლაშქრობა, რომელმაც, სამწუხაროდ, არა იბერია, არამედ სპარსეთის სამეფო გააძლიერა; იმ სპარსეთისა, რომელიც, სინდთა მეფის არაკისა არ იყოს, ქორივით ავად მოუბრუნდა გორგასლის საბრძანებელს და სისხლი ადინა მას.
502 წელს სპარსთა ურდო ქართლს შემოესია. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღოდნენ. ხუთჯერ მეტნი იყვნენ ქართველებზეო, მემატიანე გვამცნობს.
ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და ჯარი მისი. დილა სისხამზე ბრძანა იერიში მეფემ და თავად გაუძღვა წინ იბერიელთა ლაშქარს. გრიგალივით მიარღვევდაო სამოცი წლის მეფე გზას შაჰის კარვისკენ. და როდესაც მის კარავში შეჭრილა, მთაკაცის ხილვით შეძრწუნებული კავადი წამს ცხენს მოხტომია და ბრძოლის ველიდან გაუქუსლავს.
უფლისწული ბარტამი შერკინებია გორგასალს. და გაგრძელებულა ჭიდილი ესე მზის ამოსვლიდან ვიდრე მწუხრამდის — სანამ მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში არ დაჭრა მეფე...
მხლებლებმა უჯარმაშიღა შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე. ამაო იყო მკურნალთა მცდელობა, მალევე აღესრულა იბერიის გმირი მეფე ვახტანგ — გორგასლად ხმობილი.
ყველა ახალი ამბავი
0