ამბავი დავით მეფის ჯვრისა: როგორ მოხვდა ქართული რელიკვია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

CC BY 2.0 / Claude Attard / Notre Dameპარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
არ მეგულება ქართველი, დავით აღმაშენებლის შესახებ ლამის ყველაფერი არ იცოდეს და არ ამაყობდეს, რომ თავადაც იმ მიწა-წყლის შვილია, რომელზეც დიდმა მეფემ „ძლევაი საკვირველი“ მოახდინა, და რომელიც აღაშენა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე განავრცო.
თუმცა, რაც უნდა დაინტერესებული იყო შენი ქვეყნის წარსულით, არის დეტალები, რომლებიც მხოლოდ ისტორიკოსებმა და მკვლევარ-მეცნიერებმა იციან. ახლა სწორედ ერთ ასეთ საინტერესო ფაქტზე მინდა გიამბოთ.

1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ ჯვაროსნებმა იერუსალიმის სამეფო დააარსეს და წმინდა ქალაქში კათოლიკური ეკლესიები აამოქმედეს. ქართული ჯვრის მონასტრისთვის ხელი არ უხლიათ, რადგან მეფე დავით აღმაშენებელთან ჰქონდათ მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო კავშირი — ქართველი მეომრები იერუსალიმის აღებაში ეხმარებოდნენ ჯვაროსნებს.

უფრო მეტიც, წმინდა მიწაზე არსებულ სხვა ქართულ სავანეებს ჯვაროსნები დიდ სიმდიდრეს სწირავდნენ, რის გამოც მათ იქაურ ქართულ აღაპებში მოიხსენიებდნენ.
მეთორმეტე საუკუნის უცხოურ ცნობებს შორის მოიპოვება ერთ წერილი „ანსელის წმინდა საფლავის კანტორისაგან პარიზის ღვთისმშობლის კრებულს იერუსალიმითგან“, რომელსაც 1108 წლით ათარიღებენ და რომელიც გვამცნობს იერუსალიმიდან პარიზში ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილის გაგზავნის შესახებ.

თუმცა, ვინაიდან წერილში მოხსენიებულია დავით აღმაშენებელი და მისი ქვრივი, ზოგ ისტორიკოსს მიაჩნია (სავარაუდოდ სამართლიანადაც), რომ ის არა 1108 წელს, არამედ უფრო გვიანაა დაწერილი, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ტახტზე დემეტრე პირველი ავიდა.

უსტარის ქართულ თარგმანს ისტორიკოს ზურაბ ავალიშვილს დავესესხები:

„...როგორც ბერძენთა და ასურთა ნაწერები გვასწავლიან, ქრისტეს ჯვარი ოთხ ძელთაგან ყოფილა შემდგარი. მათში ერთი ის იყო, რომელზედ პილატემ ზედწერილი დაწერა, მეორე — სად იესო ქრისტეს გაშლილი მკლავნი და ხელები მიმაგრებულ იყო; მესამე, რომელს მისი ტანი ეკიდა, და მეოთხე — რომელში თვით ჯვარი გამაგრებული იყო და რომელიც გვერდის და ფერხთა სისხლის დაღვრით გავლილია და კურთხეული. ხოლო ის ჯვარი, თქვენ რომ გამოგიგზავნეთ, ორი ძელითგან არის გაკეთებული და დავით, მეფე ქართველთა, სანამ ცოცხალი იყო, უაღრეს თაყვანისცემას და სიყვარულს უძღვნიდა, ის დავით, რომელს, მისი წინაპრებივით, კასპიის კარი — გოგსა და მაგოგს რომ ზღუდავს — ეჭირა და დარაჯობდა, რასაც შვილი მისი აქამომდე ასრულებს, ვისი ქვეყანა და სამეფო მედელთ (იგულისხმება მიდია) და სპარსთა წინააღმდეგ ჩვენი, ასე ვთქვათ, წინაბურჯია“.

როგორ მოხვდა ასეთი წმინდა ჯვარი ევროპელთა ხელში, ისტორიკოსთა შორის ამაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. უფრო სწორად, სადავოა, ვისგან მიიღეს ჯვაროსნებმა ხსენებული სიწმინდე. ფრანგი ბერის, ანსელუსის თანახმად, ჯვარი შეიძინეს დავით მეფის ქვრივისგან, ანუ ყივჩაღთა მეფის ასულ გურანდუხტისგან, რომელიც იერუსალიმში მონაზვნად აღიკვეცა. უფრო სარწმუნოა სხვა ვერსია, რომ ჯვარი თან ჰქონდა დედოფალ რუსუდანს, დავითის პირველ მეუღლესა და დემეტრეს დედას (რომელიც ნამდვილად გახლდათ წმინდა მიწაზე მონაზვნად), და მან მიჰყიდა ძელიცხოვლის ნაწილისგან შექმნილი ჯვარი ფრანგ ჯვაროსნებს, ვინაიდან იერუსალიმის მონასტრებს შიმშილობა ემუქრებოდა.

იმ პერიოდში, სელჩუკებთან ომის მიზეზით, საქართველო ვერ უკავშირდებოდა წმინდა ქალაქს, ქართულ მონასტრებს მატერიალურად ვეღარავინ ეხმარებოდა. დავითის ცოლყოფილმა, ქართველ ბერ-მონაზონთა გადარჩენის მიზნით, დიდძალ თანხად შესთავაზა ჯვარი ჯვაროსნებს. როდესაც ამის შესახებ ევროპაში შეიტყვეს, არნახული ოდენობის შემოწირულობა შეკრიბეს და ქართველი დედოფლისგან შეძენილი წმინდა საგანძური დიდი პატივით დააბრძანეს პარიზში მდებარე ბაზილიკაში, რომლის ადგილზე მოგვიანებით აშენდა პარიზის ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი.
საფრანგეთის რევოლუციის დროს ტაძარი გაიძარცვა, მაგრამ ქართული რელიკვია გადარჩა.
საინტერესოა ისიც, რომ წერილში ახსენებენ წმიდა ჯვრის კიდევ ორ ნაწილს, რომლებიც საქართველოში ინახებოდა. ამას ადასტურებენ ქართველი მკვლევარებიც, კერძოდ, ზურაბ ავალიშვილის წიგნში ვკითხულობთ:
„ერთი პატარა ჯვარი (წმინდა კონსტანტინესა და წმინდა ელენეს სახეებით) ხახულის ხატს რომ ამკობს, მაგრამ ყველაზე სახელოვანი, რასაკვირველია, თამარ მეფის საკუთარი, გულსაკიდი ჯვარია, ხოფის მონასტრის (სამეგრელოში) ბერებმა ჩვენს დრომდე ერთგულად რომ შეინახეს და რომლის ასომთავრული წარწერა შემდეგია: „ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინაწარძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს“.
ბერი ანსელუსის წერილის ადრესატი პარიზში ეპისკოპოსი გალონი გახლდათ, რომელიც ისტორიულად ცნობილი პიროვნებაა და ეს მეტ დამაჯერებლობას ჰმატებს ამ ამბავს.
ისტორია იმითაცაა საინტერესო, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს დავით მეფისა და ჯვაროსნების ურთიერთობის ნამდვილობას, რის შესახებაც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ვიცით.
მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა, 1125 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 24 იანვარს), ორმოცდაცამეტი წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ მიიღო საოცარი გადაწყვეტილება — დაეკრძალათ გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში, რათა, თქმულების თანახმად, ყველა მომლოცველს მის საფლავზე დაედგა ფეხი. ლოდს მხოლოდ ერთი წარწერა ამშვენებს:

ქრისტე, ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ესე, ამას დავემკვიდრო მე“.

ყველა ახალი ამბავი
0