პრემიერმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე მიიღო

© photo: Sputnikბათუმის მეჩეთი
ბათუმის მეჩეთი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ღონისძიებებს, რომლებიც მუსლიმი თემის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადესთან შეხვედრა გამართა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ფაშაზადემ ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო არა მარტო მეზობლები, არამედ მეგობრები არიან.
„მოხარული ვარ თქვენი ნახვით საქართველოში. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა საქართველოში. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შევხვდით ერთმანეთს, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და მიხარია, რომ დღეს ისევ გვეწვიეთ თბილისში“, – მიმართა ღარიბაშვილმა სტუმარს.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში არის კონკრეტული პროგრესი და ფაშაზადეს ვიზიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„მე განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენ განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ ჩვენს უწმინდესთან და მე ვიცი თქვენი განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე ფაშაზადემ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებში ღარიბაშვილის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი.
„მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ის, რომ კავკასიაში ამ ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პოლიტიკურ ჭრილში, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური თუ სხვა მიმართულებებით მაღალ დონეზეა, ეს ცალსახად აღსანიშნავია“, – განაცხადა ფაშაზადემ.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ღონისძიებებს, რომლებიც მუსლიმი თემის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისათვის სახელმწიფომ მუსლიმებს სარგებლობაში გადასცა 228 მეჩეთი, ასევე 1,3 ათასი კვადრატული მეტრი მიწა თბილისში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ცენტრალური ოფისის ასაშენებლად. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 300 მოქმედი მეჩეთი არსებობს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, კავკასიის მუსლიმთა თემის თავჯდომარის პირველი მოადგილე სალმან მუსაევი და აზერბაიჯანის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე საიბ ნაგიევი.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
ყველა ახალი ამბავი
0