მოსაზრება: პუტინმა დასავლეთი რასიზმსა და ნეოკოლონიალიზმში დაადანაშაულა

  - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
აქაც და საზღვრებს მიღმაც დასავლეთის კრიტიკოსებიც კი ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი, სამწუხაროდ, ვერაფერს სთავაზობს მსოფლიოს – საუბარია ახალ იდეებსა და მომავლის კონტურებზე. კრიტიკა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თავად რას სთავაზობთ სამყაროს გლობალიზაციის კრახით დასრულებული ანგლოსაქსური მოდელის სანაცვლოდ? ამას წინათ ვლადიმირ პუტინმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პირობა დადო სპეციალურ სტატიაში ან გამოსვლაში. ჯერჯერობით კი ის ამა თუ იმ ფორმით უბრუნდება ახალი ეპოქის მოახლოების თემას, თითქოს ემზადება, აკეთებს მომავალი სიტყვის მონახაზებს.
ოთხშაბათს ახალი პროექტების განვითარების სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს ფორუმზე „ძლიერი იდეები ახალი დროებისთვის“ პრეზიდენტმა კვლავ ისაუბრა ახალ მსოფლიო წესრიგზე.
„გრანდიოზული ცვლილებები, რასაკვირველია, შეუქცევადია. როგორც ნაციონალურ, ისე გლობალურ დონეზე იქმნება საფუძვლები, ჰარმონიული, უფრო სამართლიანი, სოციალურად ორიენტირებული და უსაფრთხო მსოფლიო წესრიგის პრინციპები – ამჟამინდელი ან, შეიძლება ითქვას, დღემდე არსებული იმ ერთპოლარული მსოფლიო წესრიგის ალტერნატიული, რომელიც თავისი არსით ცივილიზაციის განვითარებას ამუხრუჭებს“.
პუტინი უკვე დიდი ხანია აკრიტიკებს გლობალიზაციის ატლანტიკურ პროექტს, მაგრამ ბოლო დროს ამას სულ უფრო მკაცრად აკეთებს:
„ე.წ. ოქროს მილიარდის ტოტალური დომინირების მოდელი უსამართლოა. რატომ უნდა დომინირებდეს პლანეტის მთელი მოსახლეობიდან ეს „ოქროს მილიარდი“ ყველაზე, თავს ახვევდეს ქცევის საკუთარ წესებს, რომლებიც განსაკუთრებულობის ილუზიას ეფუძნება? ის ყოფს ხალხებს პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ადამიანებად. ამიტომ არის რასისტული და ნეოკოლონიალური. ხოლო მის საფუძველში ჩადებული გლობალისტური, თითქოსდა ლიბერალური იდეოლოგია სულ უფრო მეტად იძენს ტოტალიტარიზმის კონტურებს, აკავებს შემოქმედებით ძიებას, თავისუფალ ისტორიულ განვითარებას.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი უბრალოდ ვერ შესთავაზებს მსოფლიოს მომავლის საკუთარ მოდელს. რასაკვირველია, ეს „ოქროს მილიარდი“ შემთხვევით არ გამხდარა „ოქროსი“, ბევრს მიაღწია, მაგრამ თავისი პოზიციები დაიკავა არა მხოლოდ რომელიღაც რეალიზებული იდეების წყალობით, არამედ დიდწილად სხვა ხალხების ძარცვის ხარჯზე აზიაშიც და აფრიკაშიც. ასე იყო: ჯერ მარტო ინდოეთი რამდენხანს ძარცვეს. ამიტომ დღესაც ამ „ოქროს მილიარდის“ ელიტებს პანიკურად ეშინიათ, რომ მსოფლიო განვითარების სხვა ცენტრები განვითარების საკუთარ ვარიანტებს წარმოადგენენ. მაგრამ როგორც არ უნდა ეცადონ დასავლური და ნაციონალური ელიტები არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, მაინც დადგება ახალი ეპოქა“.
ანუ „ოქროს მილიარდი“ უბრალოდ კი არ ხელმძღვანელობს საკუთარი განსაკუთრებულობის იდეით – მისი იდეოლოგია არის რასისტული, ნეოკოლონიალური და თანდათანობით ხდება ტოტალიტალური. პუტინი უბრალოდ კი არ აკრიტიკებს გლობალისტურ ლიბერალიზმს, ანუ ერთადერთი სწორი სწავლების თეორიას – ის ნაწილობრივ იმეორებს იმ ბრალდებებს, რომლებიც საბჭოთა წლებში კომუნისტი ლიდერების მხრიდან ისმოდა. მაშინ არ არსებობდა ტერმინი „გლობალიზაცია“ და დასავლეთს უბრალოდ „იმპერიალისტებს“ უწოდებდნენ. მაგრამ გამოდის, რომ პუტინი მიდის კომუნისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდის გზით? და მართალია ის, ვისთვისაც სსრკ და დღევანდელი რუსეთი, სტალინი და პუტინი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან? ყველა რუსი კომუნისტია...
რა თქმა უნდა – არა. სოციალური სამართლიანობისა და კომუნისტური იდეალებისადმი პუტინის მთელი სიმპათიის მიუხედავად, არ შეიძლება ის კომუნისტებს მივაკუთვნოთ. არც საშინაო პოლიტიკაში, არც საგარეოში. უბრალოდ ის, რასაც დასავლეთზე საბჭოთა წლებში ამბობდნენ, სიმართლე აღმოჩნდა, მათ შორის იმიტომაც, რომ ჩვენი კომუნისტი ხელმძღვანელები არც ისე ცუდად ერკვეოდნენ მსოფლიო ისტორიაში და გეოპოლიტიკაში. და ბრალდებები დასავლეთის მისამართით, სავსებით სამართლიანი, მათ სჭირდებოდათ არა მხოლოდ საკუთარი წარმოდგენების გასავითარებლად ჩვენი ქვეყნის სწორი საშინაო მოწყობის შესახებ, არამედ მსოფლიო ასპარეზზე საბრძოლველადაც.
დიახ, სსრკ მთელი ისტორიის განმავლობაში გამოდიოდა, როგორც დასავლეთის ალტერნატივა, როგორც ახალი, სხვა სამყარო, როგორც ქვეყანა, რომელშიც ყველაფერი ორგანიზებულია სამართლიანად, როგორც ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოს ნათელი მომავლისკენ სვლას სთავაზობდა. საუბარია არა იმაზე, როგორ იყო მოწყობილი ყველაფერი რეალურად ჩვენს ქვეყანაში, არამედ იმაზე, როგორ იდეებს ავითარებდა ის მსოფლიო ასპარეზზე.
რუსეთმა თავად თქვა უარი კომუნისტურ იდეალებზე და სოციალისტურ სახელმწიფოზე. ახლა უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს, რა გახდა ამის მიზეზი – მათი თუ ჩვენი არასრულყოფილება, მათი თუ ჩვენი სისუსტე. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს მსოფლიოში შერჩა არა უბრალოდ ძლიერი და დამოუკიდებელი, არამედ კადნიერი სახელმწიფოს სახელი, რომელსაც გლობალური ლიდერობის პრეტენზია აქვს და სახელმწიფოს იდეალებით ხელმძღვანელობს.
რასაკვირველია, სსრკ-ში პრაქტიკულად ყოველთვის ერთმანეთს ერწყმოდა იდეოლოგია და პრაგმატიზმი, მსოფლიო რევოლუციისკენ სწრაფვა და ჭკვიანური გეოპოლიტიკური თამაში, მაგრამ არადასავლურ სამყაროში ის მაინც დარჩა რევოლუციურ ქვეყნად. ჩინეთი და ინდოეთი, აზია, აფრიკა და ლათინური ამერიკა – ყველა ხედავდა რუსეთში იმას, ვინც გამოწვევას უგზავნიდა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“.
მთელი საბჭოთა პერიოდი აშკარად მიუთითებდა პრინციპულ სხვაობაზე რუსეთსა და დანარჩენ დასავლურ სამყაროს შორის. არადასავლურ სამყაროს კი არ ესმოდა, რომ ეს განსხვავება იყო გაცილებით უფრო ღრმა, ვიდრე იდეოლოგიური. როდესაც სსრკ დაიშალა, სამხრეთის ხალხებმა იფიქრეს, რომ რუსები დასავლურ სამყაროს შეერწყმებოდნენ. მაგრამ უკვე ამ საუკუნეში რუსეთმა კვლავ გაუგზავნა გამოწვევა დასავლეთს.
არც რუსეთი და არც მისი პრეზიდენტი მთლიანობაში არ სთავაზობენ არადასავლურ სამყაროს ანგლოსაქსების ჩიხური გლობალისტური პროექტის ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვანია ის, რაზეც რუსეთი უარს ამბობს და მიუღებლად მიიჩნევს.
რუსეთი ყველას მოუწოდებს, საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ, გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რადგან: „მხოლოდ ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ ზრდის მაღალი დინამიკის უზრუნველყოფა, ტრადიციული ფასეულობებისა და მაღალი ჰუმანიტარული იდეალების დაცვა...
სუვერენიტეტი – ესაა ნაციონალური, ე.ი. ცალკეული ადამიანის განვითარების თავისუფლება: ტექნოლოგიური, კულტურული, ინტელექტუალური, საგანმანათლებლო. და, რასაკვირველია, სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია – პასუხისმგებლობის მქონე, საქმიანი და ნაციონალურად მოაზროვნე, ნაციონალურად ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოება“.
პუტინის ეს სიტყვები ეხება არა მხოლოდ რუსეთს, ისინი მიემართება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ვისაც სურს საკუთარი ხალხის, ცივილიზაციის შენარჩუნება. ასეთი კი აბსოლუტური უმრავლესობაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0