კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება ქვეყანას აზიანებს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო რესპუბლიკას ხელმძღვანელობს, ამიტომ მას არა აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, თუმცა მის ზოგიერთ განცხადებას ქვეყნისთვის ზიანის მოტანა შეუძლია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უფრო ადრე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მას არ ელაპარაკებიან მიუხედავად იმისა, რომ მას კომუნიკაციის მოგვარების სურვილი აქვს. პრეზიდენტის თქმით, მისი კრიტიკა ყოველთვის ეფუძნება იმას, რომ არის საკითხები, რომლებზეც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა შეთანხმდნენ – ესაა ევროკავშირისა და უკრაინის საკითხები.

„პრეზიდენტს არ აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, რომ ჩვენ ან ქვეყანას რაიმე სერიოზული პრობლემები შეუქმნას. პატარ-პატარა სირთულეები შეიძლება შექმნას, მაგრამ ის, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წარმართოს, ამას ვერ შეძლებს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში კომპეტენციები აქვს ძალიან შეზღუდული. ამის გამო ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, რომ მასთან პოლემიკაში შევიდეთ, საჯარო პოლემიკა წარვმართოთ მასთან, დაპირისპირება გვქონდეს და ა.შ.“ – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება ქვეყანას ზიანს აყენებს.
„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ მისთვის რაღაცები აგვეხსნა. მათ შორის ინფორმაციის დეფიციტის გამო შეიძლება უჭირდა რაღაცების გაანალიზება, სწორად შეფასება. გარწმუნებთ, მას ჩვენ ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გავუზიარეთ შარშანაც და წელსაც, ვიდრე ამის საშუალება გვაქვს საზოგადოებასთან. მაგრამ აქაც გაუჭირდა რაღაცების გაანალიზება და შეფასება, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან დაამატა: „მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ყველაფერი ავუხსნათ, განვუმარტოთ, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ რაღაცებს გააანალიზებს, აღარ გვაქვს“.
„არ მელაპარაკებიან“ - საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პარტიასთან ურთიერთობაზე>>
მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ მარტში კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. მთავრობა დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება, დაბლოკოს მინისტრთა კაბინეტის წარდგენა ელჩების დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში აგრეთვე ევროპის ქვეყნებში არაოფიციალური ვიზიტებისა და პირველ პირებთან შეხვედრების გამო დასდო, რადგან მას საქართველოს მთავრობისგან სამუშაო ვიზიტებზე უარი ეთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0