IDEA-ს კვლევა: საქართველო ზომიერი დემოკრატიის ქვეყანაა

© photo: Sputnik / Stringerქართული დროშა და გერბი
ქართული დროშა და გერბი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) 2021 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო ზომიერად დემოკრატიული ქვეყანაა.
დემოკრატიის მდგომარეობის ინდექსი შედგენილია ხუთი ძირითადი ატრიბუტისა და 16 ქვეატრიბუტის საფუძველზე. საქართველომ ყველაზე მაღალი ქულა მიიღო კატეგორიაში „წარმომადგენლობითი მმართველობა“; კერძოდ, ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა ინკლუზიური საარჩევნო უფლება, არჩეული ხელისუფლება და თავისუფალი პოლიტიკური პარტიები.
პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კუთხით საქართველომ მსოფლიოში 35-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპაში — მე-19, რითაც ევროკავშირისა და ნატოს ბევრ ქვეყანას, მათ შორის ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანას უსწრებს.
დანარჩენ ოთხ ძირითად ატრიბუტში – ფუნდამენტური უფლებები, მიუკერძოებელი მმართველობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება და აქტიური მონაწილეობა – საქართველომ საშუალო ქულა მიიღო.
კვლევის მიხედვით, საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში დემოკრატიზაციის მიმართულებით სტაბილური და მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

„დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასება ძალიან კარგია... ეს მნიშვნელოვანია და კარგია იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ყველა წარმატებებიდან და ყველა გაუმჯობესებული ფაქტორიდან გამომდინარე, ეს მომავალში გავლენას მოახდენს ეკონომიკურ განვითარებაზეც“, — განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

საერთაშორისო ორგანიზაციამ დემოკრატიის დონე მსოფლიოს 173 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე შეაფასა.
კვლევა ქვეყნებს 5 კატეგორიად ყოფს: მაღალი დონის დემოკრატია; საშუალო დონის დემოკრატია; დაბალი დემოკრატია; ჰიბრიდული რეჟიმი; ავტოკრატია.
IDEA არის მთავრობათშორისი ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს შეიქმნა 33 ქვეყნის წევრობით. მისი მიზანია მხარი დაუჭიროს სტაბილურ დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კულტურის განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0