საქართველოში SpaceX-ის პროექტი Starlink დაიწყებს ოპერირებას

  - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
პროექტის მიზანია საქართველოს ყველა წერტილში მაღალხარისხიანი სწრაფი ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომი.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოში 2023 წლიდან მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.
პროექტთან დაკავშირებით დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონულ დირექტორს ბენ მაკ უილიამსს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ყველა წერტილში მაღალხარისხიანი სწრაფი ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.

„ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა კომპანია SpaceX-თან იმისთვის, რათა ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო დადებითად და საქართველო ყოფილიყო რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელშიც ოპერირებას დაიწყებს Starlink-ის მაღალი ხარისხის ინტერნეტი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როდესაც ლოს-ანჯელესში, კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ.
ლოს-ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდეგ აქტიური თანამშრომლობის შედეგად ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით 100%-ით არის უზრუნველყოფილი თბილისი, ბათუმი და სტეფანწმინდისა და ბორჯომის რაიონები. 13 რაიონში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტიზაციის დონე 50%-დან 70%-მდე მერყეობს.
2022 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ 949.323 ინტერნეტ-აბონენტია დარეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 86.195-სთვის არის Wi-Fi ტექნოლოგია ხელმისაწვდომი.
ყველა ახალი ამბავი
0