რუსთავის მერია ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Stringerბურთი სტადიონზე
ბურთი სტადიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
სტადიონი „რუსთავი" ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წლის ნოემბერში გადაეცა, მას კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსთავის მერია ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის დირექციასთან ერთად ქალაქის ცენტრალური სტადიონის აღდგენას, ასევე კლუბის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას შეუდგა, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.
სტადიონი „რუსთავი" ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წლის ნოემბერში გადაეცა და ის კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. ქალაქის საფეხბურთო გუნდმა „მეტალურგმა" 2015 წელს სახელწოდება შეიცვალა და „საფეხბურთო კლუბი რუსთავი" (FC Rustavi) გახდა. ბოლო რამდენიმე წელია გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

„რუსთავის საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშავოთ კლუბის და, ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. ჩვენ სტადიონზე უკვე დავიწყეთ გარკვეული ინფრასტრუქტურის აღდგენა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი", – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს სტადიონის სასტუმრო კომპლექსსა და სასადილოში. ორივე შენობაში აქტიურად ტარდება შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია სველი წერტილების მოწესრიგება და ახალი ელექტროგაყვანილობის მოწყობა, ასევე შეიღებება ორივე შენობის ფასადი.
„ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის ყოველდღიურ მუშაობაში, რადგან ადმინისტრაციისთვის და ფეხბურთელებისთვის უკვე ყველა პირობა შეიქმნება, რომ კლუბმა ნორმალურად იფუნქციონიროს", – განაცხადა კლუბ „რუსთავის" დირექტორმა ბაჩანა ცხადაძემ.
პროექტის რეალიზაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 205 ათასი ლარია.
რუსთავის სტადიონი 1948 წელს აშენდა. სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია სულ ორჯერ განხორციელდა. ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ ის 4.676 მაყურებელს იტევს.
ყველა ახალი ამბავი
0