„ზურაბიშვილი საქმის კურსში არ არის“ - პრეზიდენტს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
დღის წესრიგის გარეშე პლენარული სხდომის მოწვევა არც პოლიტიკურად და, რაც მთავარია, არც რეგლამენტის მიხედვით სწორი არ არის, განაცხადა გია ვოლსკიმ.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, არ იყო საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო კომიტეტები 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ზურაბიშვილმა ადრე განაცხადა, რომ პირობების შესრულებაზე მუშაობა პარლამენტში უნდა დაიწყოს და ამისთვის მან 18 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ დოკუმენტსაც მოაწერა ხელი.

„საინტერესო იყო პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ მან მოიწვია პლენარული სხდომა, რათა დაიწყოს მუშაობა იმ 12 პუნქტზე, რომელიც საშინაო დავალების სახით უნდა შევასრულოთ. ცხადია, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტები დიდი ხანია მუშაობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მომზადებული შევხვდებით საშემოდგომო სესიას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღის წესრიგის გარეშე პლენარული სხდომის მოწვევა არც პოლიტიკურად და, რაც მთავარია, არც რეგლამენტის მიხედვით სწორი არ არის, განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. გეგმა ითვალისწინებს პარლამენტში სხვადასხვა ჯგუფების შექმნას, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა. ისინი მოიხოვენ მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმით მუშაობას.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
ევროკომისია საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადებას თავდაპირველად 2022 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა 13 ივლისს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ ქვეყანას მეტი დრო მიეცემა. მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, არ ააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა ძალისხმევაში დეპოლარიზაციის მიმართულებით, რათა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და რეფორმებზე მუშაობა დაიწყონ.
ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას. მოგვიანებით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ პირობამ, პირიქით, გააძლიერა პოლარიზაცია.
ყველა ახალი ამბავი
0