რა მახასიათებლებს იღებს შვილი მემკვიდრეობით მამისგან და რას - დედისგან: კვლევების შედეგები

© Pixabay / natik_1123ოჯახი
ოჯახი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რა თვისებებს, გარეგნულ მახასიათებლებსა თუ დაავადებებისადმი მიდრეკილებებს იღებენ შვილები მშობლებისგან.
როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ირწმუნებიან, მამის გენომის ნაწილთან ერთად ბავშვს გადაეცემა შენაერთები, რომლებიც დნმ-ის ცალკეული უბნების აქტიურობაზე ახდენს გავლენას. საუბარია იმ გენებზე, რომლებიც ჯანმრთელობას, გარეგნობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას უკავშირდება.
რაც შეეხება დედის გენომს, სწავლულთა თქმით, ის უფრო „მდუმარეა“, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სწორედ ისაა მნიშვნელოვანი ევოლუციისთვის.

მამის წვლილი

ნებისმიერი ძუძუმწოვარი, მათ შორის ადამიანი, გენეტიკურად უფრო მამას ემსგავსება, ვიდრე დედას, მიაჩნიათ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებს.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელი გენეტიკური მასალის თანაბარ რაოდენობას გადასცემს შვილს, მამის მასალა უფრო ძლიერ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ორგანიზმის განვითარებაზე. კვლევამ აჩვენა, რომ მამის ხაზით მიღებული გენომი 80%-ით უფრო აქტიურია. შესაბამისად, დიდწილად სწორედ ისინი განსაზღვრავენ, როგორი იქნება შთამომავლობა.

მემკვიდრეობითი დღეგრძელობა

შვილის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრადაა დამოკიდებული მამის დნმ-ზე, მიაჩნიათ გერმანელ მეცნიერებს.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, თუ ჩასახვის მომენტში მამა უკვე ხნოვანია, ეს მემკვიდრეებს დღეგრძელობის გარანტიას აძლევს. აღნიშნული დასკვნა მათ მას შემდეგ გააკეთეს, რაც ორი თაობის ადამიანებში 1500-ზე მეტი დნმ გამოიკვლიეს.
გაირკვა, რომ „გვიან ბავშვებს“ ტელომერები, როგორც წესი, უფრო გრძელი ჰქონდათ, ვიდრე მათ უფროს დებსა თუ ძმებს. მანამდე არსებული კვლევებით კი დამტკიცებულია, რომ რაც უფრო გრძელია ტელომერები, მით უფრო დღეგრძელია ადამიანი.

გულის ტკივილი მამის ბრალია

აღსანიშნავია, რომ შვილი ასევე მამისგან იღებს მიდრეკილებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი — თუმცა, მხოლოდ ვაჟები.
საქმე ისაა, რომ გენებს, რომლებიც პასუხს აგებენ ინფარქტებისა და ინსულტებისადმი მიდრეკილებაზე, დიდი ალბათობით, მამაკაცის Y-ქრომოსომა შეიცავს.
გარდა ამისა, მამას შეუძლია ორივე სქესის შვილებს მემკვიდრეობით გადასცეს შიზოფრენიისადმი მიდრეკილებაც. ამასთან, რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით უფრო მაღალია დაავადების ალბათობა.
87 ათასი ადამიანის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მათ შორის, რომელთა დაბადების მომენტშიც მამები 50 წელს იყვნენ გადაცილებული, სამჯერ მაღალი იყო შიზოფრენიით დაავადებულთა რაოდენობა.
ფინელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ადამიანის სიმაღლეს თითქმის 75%-ით მშობლები განსაზღვრავენ. ამასთან, რამდენად მაღალი იქნება ბავშვი, უფრო მამაზეა დამოკიდებული, ვიდრე დედაზე.
ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ტანად მამაკაცებს უფრო მაღალი შვილები უჩნდებათ — სქესის მიუხედავად. ამასთან, რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით მაღალია შვილი.
რაც შეეხება სიმსუქნისადმი ან თხელი აღნაგობისადმი მიდრეკილებას, ამას შვილი ორივე მშობლისგან იღებს (აღსანიშნავია, რომ უფრო ხშირად მემკვიდრეობით სიმსუქნისადმი მიდრეკილება გადაეცემა), თუმცა წონა დაბადების მომენტში მხოლოდ დედაზეა დამოკიდებული — ორსულობის პერიოდში მისი ცხოვრების წესზე და არა დნმ-ზე.
და, მაინც, ქალის გენომში არსებობს უბნები, რომლებიც უფრო აქტიურობენ შთამომავლების დნმ-ში. ისლანდიელმა მეცნიერებმა 1500 „სამეულის“ (დედა–მამა–შვილი) გენომები შეისწავლეს და აღმოაჩინეს მუტაციები, რომლებიც სწორედ ქალებისგან იყო მემკვიდრეობით გადაცემული.
მეცნიერები ამბობენ, რომ არსებობს დაავადებები, რომლებიც მხოლოდ ქალის ხაზით გადაეცემა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მამაკაცებშიც არის გავრცელებული.
ესენია:
ოსტეოპოროზი
რევმატოიდული ართრიტი
ნაადრევი სიბერე
დეპრესია
გლაუკომა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
შაკიკი
უძილობა
ალცჰეიმერის დაავადება
სარძევე ჯირკვლებისა და საკვერცხეების კიბო
ყველა ახალი ამბავი
0