ქართული კლუბების დღე - ბათუმის „დინამო" და „საბურთალო" დღეს პირველ მატჩებს გამართავენ

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
ბათუმის „დინამო" პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს, ხოლო „საბურთალო" რუმინულ „სტიაუას" „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ბათუმის „დინამო" და თბილისის „საბურთალო" დღეს კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს გამართავენ. ზღვისპირელები პოლონურ „ლეხს" შეხვდებიან, ხოლო თბილისური კლუბი რუმინულ FCSB-ს („სტიაუა") დაუპირისპირდება.
ბათუმის „დინამომ" კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაზე ბრატისლავის „სლოვანთან" განცდილი მარცხის შემდეგ გადაინაცვლა, ხოლო „საბურთალომ" პირველ ეტაპზე ალბანური „პარტიზანი" დაამარცხა და შემდეგ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ „ლეხ პოზნანის" შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება. პოლონური კლუბის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი იცავენ. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ლეხის" მთავარ მწვრთნელთან ერთად სწორედ ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი იმყოფებოდა, რომელმაც შეხვედრის მოლოდინებსა და მოწინააღმდეგე გუნდზე ისაუბრა.

„ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და უფრო მაღალი ხარისხის, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე. ბათუმის „დინამოსა" და „სლოვანის“ მატჩს ვუყურე, ბათუმელები გამარჯვებას იმსახურებდნენ. „დინამომ" ძალიან კარგად ითამაშა და არ გაუმართლა. „დინამოს" თავისი სტილი აქვს, ამიტომაც თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ასეთ გუნდთან ყველაფერი უნდა ვაჩვენოთ და გავიღოთ", – განაცხადა კვეკვესკირმა.

მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა ასევე ბათუმის „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ. ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ წინ რთული თამაშია, თუმცა მისი გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და „ლეხიც" დავმარცხდით, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება. გამომდინარე იქიდან, რომ „ლეხი" საკმაოდ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, გუნდურადაც ძალიან კარგად გამოიყურება", – აღნიშნა გეგუჩაძემ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლეხმა" საკმაოდ ცუდად ითამაშა. პოლონურმა კლუბმა საშინაო კედლებში „ყარაბაღს" 1:0 მოუგო, თუმცა სტუმრად 1:5 განადგურდა. ამასთან, „ლეხმა" პოლონეთის სუპერთასიც დათმო და ჩემპიონატიც წარუმატებლად დაიწყო.
„საბურთალო“ შემდეგ ეტაპზეა! თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ ევროტურნირებს გამოეთიშნენ>>
მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა ასევე „საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ. მან აღნიშნა, რომ მეტოქის სიძლიერის არ ეშინია და გუნდი გამარჯვებისთვის მაქსიმალურად დაიხარჯება.

„მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ნამდვილად არ გვეშინია და, დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე შევა, მაქსიმუმს გააკეთებს მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის", – განაცხადა ნოზაძემ.

ბათუმის „დინამო" პირველ მატჩს სტუმრად, პოლონეთში გამართავს, ხოლო „საბურთალო" რუმინულ გუნდს „დინამო არენაზე" უმასპინძლებს (ორივე მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება). განმეორებითი შეხვედრები 28 ივლისს გაიმართება.
უნდა აღინიშნოს, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემთხვევაში ორივე ქართულ გუნდს შედარებით სუსტი მეტოქე ეყოლება. „დინამოს" ისლანდიურ „ვიკინკურსა" და უელსის „ნიუ სეინტსს" შორის გამარჯვებული, ხოლო საბურთალოს ფარერის კუნძულების „ვიკინგურსა" და სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას" შორის უკეთესი დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0