ხუთი მეცნიერული მიზეზი: რატომ უნდა გქონდეთ თუნდაც ერთი ქოთნის მცენარე შინ ან ოფისში

© Pexels / George Miltonმცენარეები ოთახში
მცენარეები ოთახში - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ადამიანების უმეტესობას ძალიან მოსწონს მოვლილი მცენარეების გარემოცვაში ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ მეცნიერული კვლევებით ირკვევა, რომ ოთახის მცენარეებს, გარდა იმისა, რომ ხედს ალამაზებს და ჰაერს წმენდს, სხვა ბევრი სარგებელიც მოაქვს.
სწავლულთა დასკვნით, ოთახის მცენარეების გარემოცვაში ცხოვრება ან მუშაობა:

ამცირებს სტრესის დონეს

Journal of Physiological Anthropology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახლში ან ოფისში არსებული მცენარეები ადამიანს სიმშვიდისა და კომფორტის განცდას ჰგვრის.
მეცნიერებმა კვლევის მონაწილეებს ორი განსხვავებული დავალება მისცეს: გადაერგათ მცენარე, ან შეესრულებინათ მოკლე კომპიუტერული დავალება. მკვლევარები ცდის პირებს თითოეული დავალების შესრულების შემდეგ უზომავდნენ სტრესთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ ფაქტორებს, მათ შორის გულისცემასა და არტერიულ წნევას.
აღმოაჩნდა, რომ მებაღეობასთან დაკავშირებული დავალება სტრესულ რეაქციას ამცირებდა, ხოლო კომპიუტერული დავალება გულისცემისა და არტერიული წნევის ნახტომისებურ ზრდას იწვევდა — მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაწილეები კომპიუტერთან მუშაობას მიჩვეული ახალგაზრდები იყვნენ.

ამახვილებს ყურადღებას

მეცნიერებმა მცირე კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 23 სტუდენტი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის ფარგლებში მათ სხვადასხვა აუდიტორიაში განათავსეს: ერთში — ხელოვნური მცენარეები, მეორეში — ნამდვილი, მესამეში — მცენარეების ფოტოები. მეოთხე აუდიტორია კი ამ ყველაფრისგან ცარიელი იყო.
მონაწილეთა ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ცოცხალი, ნამდვილი მცენარეების გარემოცვაში სწავლობდნენ, ბევრად ყურადღებიანი და კონცენტრირებულები იყვნენ, ვიდრე სხვა ჯგუფების სტუდენტები.

იძლევა თერაპიულ ეფექტს

სახლის მებაღეობა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ავადმყოფობასთან ბრძოლაში ეხმარება.
ბრიტანელმა მეცნიერებმა სამებაღეო თერაპია დეპრესიით, შფოთვით, დემენციითა და სხვა მსგავსით დაავადებული ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეს. მანჩესტერის კლინიკაში დეპრესიის ან შფოთვის სიმპტომების მქონე პაციენტებს უკვე დიდი ხანია ქოთნის მცენარეებს „უნიშნავენ“ სამკურნალოდ.

ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას

მცენარეებისა და ყვავილების ხშირად ყურება აჩქარებს პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს სხვადასხვა ავადმყოფობის, ტრავმისა თუ ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.
როგორც 2002 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, გარკვეული ტიპის ოპერაციების შემდეგ იმ პაციენტებს, რომლებიც „მწვანე გარემოცვაში“ გადიოდნენ რეაბილიტაციის პერიოდს, ნაკლები ტკივილგამაყუჩებელი ესაჭიროებოდათ და ამასთან უფრო სწრაფადაც ტოვებდნენ კლინიკებს.

ზრდის პროდუქტიულობას

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მცენარეები სამუშაო ადგილზე ზრდის როგორც პროდუქტიულობას, ისე შემოქმედებითობას.
ამ კუთხით ყველაზე ხშირად ციტირებენ 1996 წლის კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ სტუდენტები კომპიუტერულ ლაბორატორიაში 12%-ით უფრო სწრაფად მუშაობდნენ და ამასთან ნაკლებად სტრესს განიცდიდნენ, თუ ახლომახლო მცენარეები იყო განთავსებული.
შემდგომმა კვლევამ, რომელიც 2004 წელს ჩატარდა, დაადასტურა, რომ ადამიანები ბევრად შემოქმედებითად ასრულებდნენ დავალებას და ამასთან ბევრად უკეთესადაც მუშაობდნენ, როდესაც ოთახში მცენარეები იყო.
დაბოლოს: 2007 წლის კვლევით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ბევრი მცენარე აქვთ სამუშაო ადგილზე, ნაკლებად ავადმყოფობენ და უფრო პროდუქტიულებიც არიან.
ყველა ახალი ამბავი
0