საქართველოსა და თურქმენეთს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება სურთ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა თურქმენეთის ხელმძღვანელთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე.
ღარიბაშვილი თურქმენეთში უზბეკეთიდან გუშინ გაფრინდა, სადაც ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მას თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.

„ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ახალი შესაძლებლობები. ჩვენს დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი იმ პროექტების მხარდაჭერაა, რომლებიც გულისხმობს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის გამოყენებას ურთიერთმომგებიანი მიზნების მისაღწევად“, – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრა „ნაყოფიერად“ შეაფასა.
ინფორმაცია ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმაც გაავრცელა.
„საქართველო დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ახალი გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში, აფართოებს საზღვაო პორტების შესაძლებლობებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი ზღვისკენ დერეფნის გამოყენება თურქმენეთისთვის ხელსაყრელი იქნება“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0