სააკაშვილი პროცესზე ვერ გამოცხადდა - სხდომა ისევ გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის მორიგი პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მორიგ ჯერზე გადაიდო – სხდომა 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრალდებულმა სააკაშვილმა პროცესზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო. იგი 12 მაისს რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობის კურსს გადის.
სხდომაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილები წაიკითხა.
როგორც პენიტენციური სამსახურის წერილშია ნათქვამი, მსჯავრდებულმა სხდომაში მონაწილეობაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე განაცხადა. ამასთან, იგი უარს აცხადებს პროცესის მის გარეშე გამართვაზე.
კლინიკა „ვივამედის" წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი ძლიერ სისუსტეს განიცდის, უჭირს გადაადგილება და რომ მისი პროცესში მონაწილეობის მიღება მიზანშეწონილი არ არის.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა>>>
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
ყველა ახალი ამბავი
0