პირველი შეხვედრა დეოლიგარქიზაციის საკითხზე - დეპუტატებმა მოსაზრებები გაცვალეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ოლიგარქების შესახებ უკრაინული კანონით იხელმძღვანელოს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციონერ კოლეგებს გააცნეს თავიანთი ხედვა დეოლიგარქიზაციის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა.
შეხვედრაზე განიხილეს ოლიგარქების შესახებ კანონის უკრაინული მოდელი, რომელიც ამ გაზაფხულზე ამოქმედდა. ევროკავშირის საბჭომ მოუწოდა უკრაინას, რომელმაც საქართველოსგან განსხვავებით უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსი, დაიწყოს ამ კანონის აღსრულება.

„უკრაინული მოდელი ეფუძნება ოთხ ძირითად კომპონენტს. პირველია შესაბამისი პირის მხრიდან პოლიტიკაში ჩარევის კომპონენტი; მეორე არის დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც გამოითვლება: საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე“, – განმარტა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მესამე კომპონენტია გავლენა მედიაზე, მეოთხე – დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, თუ პირი ამ ოთხი კომპონენტიდან თუნდაც სამს აკმაყოფილებს, ის მიჩნეული იქნება ოლიგარქად და მოხდება ამ პირის შესაბამის რეესტრში შეყვანა.
მმართველმა პარტიამ სწორედ ოხანაშვილს დაავალა დეოლიგარქიზაციის მიმართულებით სამუშაოების კურირება. „ქართული ოცნების“ გეგმის მიხედვით, კანონპროექტი 5 ოქტომბრამდე უნდა იყოს მზად.

ოპოზიციის სკეპტიციზმი

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ პროექტში ბევრი შეცდომაა, აცხადებენ ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას დათანხმდნენ.
წარმოდგენილი მოდელით, ახალი კანონი შეეხება ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის მათაც, ვინც ახლანდელი გაგებით ვერაფრით ვერ ჩაითვლება ოლიგარქად. გარდა ამისა, გაუგებარია, რომელ უწყებაში შეიძლება გასაჩივრდეს მინიჭებული სტატუსი, განაცხადა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ.
პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინული კანონი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს „ქართულმა ოცნებამ“, ერთადერთია, ის სულ ორი თვის წინ ამოქმედდა და ჯერჯერობით უცნობია, როგორ მუშაობს იგი.
მან ასევე აღნიშნა, რომ საინტერესო იქნებოდა ამ კანონის თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობა. ვენეციის კომისია ევროპის საბჭოში საკონსტიტუციო სამართლის დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა.

„ჩემი აღქმით, ძალიან ბევრი ხარვეზია. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ძალიან ხარვეზიანია, ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, ესა თუ ის ადამიანი ოლიგარქია თუ არა", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

უკრაინული კანონის ნაკლოვანებებზე ისაუბრა ასევე „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.
„ამ კანონის მიღება არ წარმოადგენს არავითარ აუცილებლობას საქართველოში, თუ ყველა კანონი შესრულდება, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში. უკრაინული კანონის გასაჩივრება არ შეუძლია იმ პირს, ვისაც ოლიგარქის სტატუსი მიანიჭეს. სრულიად მიუღებელია კანონის მიღება, რომლის გასაჩივრება შეუძლებელია“, – განაცხადა ინჯიამ.
სხვა ქვეყნის კანონის „გადმოკოპირება“ მიუღებელია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატისთვის ანა ბუჩუკურისთვისაც.
„ამ პროცესში ამოსავალი უნდა იყოს იმ უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პრინციპის საქმე

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“.
ეს ის პარტიებია, რომელთა ინიციატივითაც პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სესია მოიწვია, მაგრამ მმართველი პარტიის დეპუტატების უარის გამო ის ჩაიშალა.
მმართველ პარტიაში განმარტეს, რომ პლენარულ სხდომაზე საკითხების გატანამდე მათი განხილვა კომიტეტებში უნდა მოხდეს. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ მოუწოდა ყველა საპარლამენტო პარტიას, ჩაერთოს მუშაობაში ევროკავშირის პირობების შესრულების მიმართულებით.

„გუშინ თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საჩქაროდ არის საკითხები განსახილველი, დღეს კი ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობასაც კი არ იღებენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, რომ მათთვის მთავარი ინტერესია არა ევროპა, არა საქართველო, არა წინსვლა, არამედ ერთადერთი მთავარი მიზანია ძალაუფლების დაბრუნება“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია მისცეს არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინასა და მოლდოვას.
„უკრაინის შემთხვევაში რეკომენდაციებში საუბარია არსებული კანონის იმპლემენტაციაზე... აქედან ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით ვივარაუდოთ, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ჩვენი რეკომენდაციის შემთხვევაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პოლიტიკურ გარემოს არ ახასიათებს საქართველოს პოლიტიკური სუბიექტივიზმი.
პაპუაშვილის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ „დეოლიგარქიზაციის“ ტერმინი და ევროკავშირის რეკომენდაცია საკუთარი მიზნებისთვის, პოლარიზაციის გასაზრდელად გამოიყენა. ამასთან ქართული პოლიტიკის დეპოლარიზაცია ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“ ამტკიცებენ, რომ საქართველოში ოლიგარქი ერთია – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელია. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის იანვარში განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებს.
ყველა ახალი ამბავი
0