კალაძე: „სახელმწიფოს მიწებს ვერავინ დაიტაცებს“

© press-service of Georgian Dreamკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
კალაძის თქმით, თბილისის მერიას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებისა და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ დაიტაცოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და აწარმოოს უკანონო მშენებლობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით.
13 ივლისს სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. უწყების თანამშრომლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონოდ მშენებარე სამი კაპიტალური შენობა, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი აღმოაჩინეს.

„აღნიშნული ნაგებობების მეპატრონეები მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული. ჩვენ სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცებას არ შევეგუებით და ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება... შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან, სპეკულირებენ სოციალურად დაუცველების, გაჭირვებული ადამიანების სტატუსით, რაც მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერია ეხმარება და მომავალშიც გვერდით დაუდგება ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლა შეჭირვებულია და სჭირდება სახელმწიფოს თანადგომა.
„არ ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, ვინც სოციალურად დაუცველ ოჯახებს წინ ფარად იყენებს და თვითონ თბილისში რეალურად რამდენიმე ბინას, რეგიონებში უზარმაზარ სახნავ-სათეს მიწას ფლობს და კარ-მიდამოები გააჩნია. საზოგადოების თვალწინ ასეთი ადამიანები ძალიან ბევრჯერ ვამხილეთ. ამიტომ „ყველამ ყველაფერი ვიცით“, არავის მოგცემთ საშუალებას, რომ სახელმწიფო მიწები მიიტაცოთ და შემდეგ უკანონო შენობები განათავსოთ“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, თბილისის მერიას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0