იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრები: აშშ-ის საელჩო მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
განცხადების ავტორებისთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ შეაფასა მომხდარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მოსამართლე ჩხიკვაძეს მხარდაჭერა არ გამოუცხადა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა ქართველი მოსამართლეების მიმართ აშშ-ის საელჩოს, უშუალოდ კი ელჩ კელი დეგნანის დამოკიდებულება შეაფასეს.
ზაზა ხარებავამ, შოთა ქადაგიძემ და ლევან გზირიშვილმა კომენტარი გააკეთეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

„ჩხიკვაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა, სადაც ისაუბრა იმის თაობაზე, რომ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეხვდა აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელ კევინ ბურკს, რომელმაც ელჩის სახელით მას მოსთხოვა ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან (თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა) დაკავშირებით ანგარიშის ჩაბარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე მოყვანილია ჩხიკვაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ ბურკმა მას აცნობა, რომ რამდენიმე დღეში მისი აშშ-ში დაგეგმილი გამგზავრება, რომელიც უკვე გაწერილი იყო, არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს.
„ერთი მხრივ, აღნიშნული ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში, ხოლო მეორე მხრივ კი ეს უკვე სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი „ირიბი“ ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ანუ, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ ვიზიტით წაიყვანონ, ან ანალოგიურად უკვე არსებული სიიდან არ ამოიღონ“, – ნათქვამია იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებაში.
ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ ნამდვილად დასაფასებელია იმ ხუთი მოსამართლის პოზიცია, რომლებმაც პროფესიული ღირსების და სოლიდარობის ნიშნად ასევე უარი თქვეს აღნიშნული ვიზიტით გამგზავრებაზე.
იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პერიოდულად სტუმრობს სხვადასხვა საქმეებზე სასამართლო სხდომებს და მოსამართლეებს ესაუბრება „იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე“.
ამით ელჩი „აშკარად არ ცნობს და აკნინებს სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლის და ხელმძღვანელობის როლს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორებმა უცნაური და სამწუხარო უწოდეს იმ ფაქტს, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ელჩი ერთხელაც არ შეხვედრია თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას და არ დაინტერესებულა პრობლემებით.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასეთი „დე-ფაქტო“ იგნორირება წარმოშობს კიდევ უფრო მეტ კითხვას და, პრაქტიკულად, შეიცავს ამ ორგანოს როლის ხელოვნური დამცირების ნიშნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცხადია, სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისაგან ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, კერძო ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები თუ დონორები, აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საბჭოს ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ არ ავიწყდებათ და აფასებენ იმ დონორულ დახმარებას, რასაც წლების განმავლობაში აშშ თავისი საელჩოს მეშვეობით უწევს ქართული მართლმსაჯულების სისტემას, თუმცა ეს არ ქმნის გამონაკლისს და რამე ექსკლუზიურ უფლებას, რომ სასამართლო სისტემის შიდა საქმეებში და ადმინისტრირებაში მოხდეს რამე სახის ჩარევა.
განცხადების ავტორებისთვის ასევე გაუგებარია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ დრომდე რატომ არ შეაფასა მომხდარი და მოსამართლე ჩხიკვაძეს მხარდაჭერა არ გამოუცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0