ირაკლი კობახიძემ მოსამართლე ჩხიკვაძე დაიცვა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
კობახიძე აშშ-ის ელჩისგან ელოდება ან იმ ბრალდების უარყოფას, რომელზეც მოსამართლემ ისაუბრა, ან პასუხისმგებლობის აღებას.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს შესახებ ჩვეულებრივი თავდაცვა უწოდა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.

„სასამართლო რომ ზეწოლისგან თავს იცავს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამას რეალურად, ობიექტურად ვერავინ ვერ დაარქმევს ვინმეს წინააღმდეგ კამპანიას. თუ სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩისგან ელოდა მკაფიო განმარტებას და უარყოფას იმისა, რომ ამერიკის საელჩოს რომელიმე თანამშრომელმა თავს უფლება მისცა მოახდინოს ზეწოლა მოსამართლეზე, მაგრამ ასეთი უარყოფა ვერ მოისმინა.
„ვფიქრობდი, რომ ელჩი უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა ეს ვერ მოვისმინეთ, რაც არის ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი სიტყვებით, ვინმემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე.

„ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ განხორციელდა კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა ქართველ მოსამართლეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩხიკვაძემ კევინ ბურკთან შეხვედრის კიდევ ერთი დეტალი გაამხილა. მოსამართლის თქმით, ბურკმა მას განუცხადა, რომ მოსამართლის დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველი იყო და ის სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე იყო იმ ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც აშშ-ში გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში უნდა გამგზავრებულიყო.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამას წინათ განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, ამიტომ უთანხმოების შემთხვევაში საკითხები განიხილება როგორც პირადი საუბრისას, ისე საჯარო განცხადებების მეშვეობითაც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0