ინციდენტი აშშ-ის საელჩოში: საქართველოს პროკურატურა საქმეს ორი მუხლით იძიებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
სამშაბათს „ტვ პირველის“ დამფუძნებელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა „ძალადობის“ და „მუქარის“ მუხლებით იძიებს ინციდენტს აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ (ვატო) წერეთელი და მმართველი პარტიის დეპუტატები, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ინციდენტი 30 ივნისს მოხდა. წერეთელმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და სხვა დეპუტატები თავდასხმაში დაადანაშაულა, ოხანაშვილმა მომხდარს „ბინძური პროვოკაცია“ უწოდა. დეპუტატის თქმით, მასთან მივიდა ვატო წერეთელი და ყურში ისეთი შეურაცხმყოფელი რაღაც ჩასჩურჩულა, რასაც „ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა“.
წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა. ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბექა ოდიშარია, ირაკლი ზარქუა და სხვა პირები.
„მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათ შორის, განიხილებოდა საკითხი ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით.
იქვე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შევიდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნოტა, რომელშიც გამოხატულია მზადყოფნა საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან.
„ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურაში აღნიშნეს, რომ გამოძიება დაიწყო წერეთლის განცხადების საფუძველზე, რომელშიც ის მიუთითებდა დეპუტატების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე. პროკურატურას განცხადებით ასევე მომართა ოხანაშვილმა, რომელიც მიუთითებს წერეთლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე.
კიდევ ერთი განცხადება შესულია მმართველი პარტიის დეპუტატის, ლევან მგალობლიშვილის მხრიდან, რომელშიც მის მიმართ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა.
სამშაბათს ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ამავდროულად, პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს სრულად ითანამშრომლოს აშშ-ის საელჩოსთან 30 ივნისს, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0