კობახიძე: ელჩი კარლ ჰარცელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უარყოფით როლს ასრულებდა

© press-service of the European Union in Georgiaკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მომდევნო ელჩი ისე არ იმოქმედებს, როგორც კარლ ჰარცელი.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, რომელმაც დაასრულა მისია საქართველოში, უარყოფით როლს ასრულებდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ოთხშაბათს ჰარცელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც საქართველოში ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ დაემშვიდობა ქართველ ხალხს. მან აღნიშნა, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა და დასძინა, რომ გასულ თვეში ევროკავშირმა დაადასტურა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და ის, რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.

„დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ.

მან განმარტა, თუ რატომ იკავებდა თავს კომენტარებისგან ამდენი ხანი მმართველი პარტია.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ჩვენ ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს.

„მე სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს და არ მჩვევია. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მას შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“, – განაცხადა, თავის მხრივ, საერთაშორისო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ერთდროულად გააკეთეს, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილება ევროკავშირმა უკანასკნელი ორის სასარგებლოდ მიიღო. საქართველოსთვის კი ჯერჯერობით „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭება გადაწყდა.
ევროკომისიის დასკვნაში, რომელსაც ევროკავშირის საბჭომ დაუჭირა მხარი, ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს კონკრეტული პირობები – 12 პუნქტი, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე ჰარცელს პოლონელი პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.
ამჟამად ჰერჩინსკი არის ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებზე საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მმართველი დირექტორი. ადრე ის იყო პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
ყველა ახალი ამბავი
0