„ანა“: საქართველოში ახალი ლიტერატურული პრემია დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
ახალი ლიტერატურული კონკურსი ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა, აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა.
ახალი ლიტერატურული კონკურსი ეძღვნება ქალებსა და ქალ მწერლებს. კონკურსი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი პოეტის ანა კალანდაძის სახელს. ის ყოველწლიურად ივლისში გამოცხადდება და მისი მთავარი მიზანი იქნება ქალი ავტორების ხელშეწყობა და წახალისება.
ამასთან, ერთი ნომინაცია გამიზნული იქნება როგორც ქალი ავტორებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ნომინაცია გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას მიეძღვნება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორ(ებ)ის ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ნაშრომი.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ოთხ ნომინაციებში:
ქალი პროზაიკოსი - საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;
ქალი პოეტი - საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
ქალი მთარგმნელი - საუკეთესო თარგმანისთვის;
ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 ათას ლარს, კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთისა და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისათვის.
წლევანდელი კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან 22 აგვისტომდე.
ანა კალანდაძე, რომელსაც მკითხველი სიყვარულით უბრალოდ ანას უწოდებს, 1924 წლის 15 დეკემბერს სოფელ ხიდისთავში დაიბადა. პირველი ლექსი „ბადრი მთვარე“ თერთმეტი წლისამ დაწერა.
1993 წლის 18 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ანა კალანდაძეს აკადემიკოსის, აკადემიის მუდმივი წევრის წოდება მიანიჭა. იმავე წელს ის თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
თავისი ბოლო ლექსი ანა კალანდაძემ 83 წლის ასაკში დაწერა. პოეტი 2008 წელს გარდაიცვალა. ანა კალანდაძე დაკრძალულია მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ყველა ახალი ამბავი
0