ამბავი რაინდთა სამეფოს დამცველი მეფისა: გიორგი ბრწყინვალეს გამაოგნებელი სიბრძნე

© Pixabay / molochszczecin
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
ტიბეტური სიბრძნე ღაღადებს, მტერს მაგრად უნდა ჩაეხუტო, ხელი გაკავებული ექნება და ზიანს ვერ მოგაყენებსო.

ამ პრინციპით მოქმედებდა ქართველთა დიდი მეფე გიორგი ბრწყინვალე, რომელმაც ომის გარეშე, გონიერებითა და დიპლომატიით გაათავისუფლა ქვეყანა მონღოლი დამპყრობლებისგან, დაუბრუნა მას ძლიერება და განავრცო ქვეყანა მეფე თამარის დროინდელ საზღვრებში.
XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში უმძიმესი ვითარება სუფევდა. მონღოლი დამპყრობლების მიერ გაპარტახებული და გაჩანაგებული ქვეყანა ლამის სულს ღაფავდა, ბატონობდა ქაოსი და ანარქია.

გარდა მონღოლების მიერ დაკისრებული თორმეტამდე სახის გადასახადისა, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწვებოდა ხალხს, ქვეყანას ისიც უთხრიდა ძირს, რომ ერთდროულად რამდენიმე მეფე მართავდა:
მონღოლების მიერ დავით VIII-ის საპირისპიროდ გამეფებული მცირეწლოვანი ძმა მისი გიორგი, რომლის უფლებებიც მხოლოდ თბილისზე ვრცელდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ (ეს გიორგი ბრწყინვალეს პირველი გამეფება იყო 13 წლის ასაკში);
ასევე მონღოლთა მიერ მეფედ ნაკურთხი მეორე ძმა ვახტანგი (შემდგომში ვახტანგ III);
1306 წელს გამეფებული გიორგი VI (მცირე);
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში მჯდომი დავით ნარინის ძე კონსტანტინე.
გარდა ამისა, ცალკე სამთავროდ იდგა სამცხის საათაბაგო. ჯაყელები არ ემორჩილებოდნენ საქართველოს მეფეებს და ერთგულებას მხოლოდ ილხანთა მონღოლ ყაენებს უცხადებდნენ. სამცხე მონღოლთა ყაენების ,,ხასინჯუს“ წარმოადგენდა, რაც რეგიონს შეუვალს ხდიდა ქართველი მეფეებისთვის.
ვანო ფიცხელაურის ფოტო - Sputnik საქართველო
სულთნების მიმართვის წესი გიორგი ბრწყინვალესადმი

„მაღალი ალლაჰი ხანგრძლივს ყოფს ბრწყინვალებას მისი მეფური უდიდებულესობისას, დიდებულისა, გულადისა, მამაცის, ლომისა, მეთაურისა, მრავალგზის თავდამსხმელისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულთნისა, ზღვებისა და სრუტეების სამეფოს განძისა, რაინდთა სამეფოს დამცველისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, ქრისტიანობის შემწისა, საქრისტიანოს გმირთ მესიისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმადიდებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ-მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა“.

განშლაშეკუმშვა
ამას თან დაერთო დავით VIII-ის სრულიად უაზრო და უპერსპექტივო ომი როგორც მონღოლთა, ისე მონღოლთა მიერ ხელდასმული მეფეების წინააღმდეგ. დავით VIII თავს მთიულეთს აფარებდა და იქიდან განაგრძობდა ბრძოლას, რის გამოც მონღოლებმა არაერთხელ მოაოხრეს და მიწასთან გაასწორეს აღმოსავლეთი საქართველო.

ერთი სიტყვით, 1318 წელს მეორედ გამეფებულ და ტახტზე ასულ გიორგი V-ს უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო. დავით აღმაშენებელივით ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდა 19 წლის მეფეს.
და ყმაწვილმა მეფემ უებრო გონიერება გამოიჩინა. ის დაუახლოვდა ილხანთა სახელმწიფოს უპირველეს ვაზირ ჩობან ნოინს და მასთან მეგობრობით უსისხლოდ მიაღწია ქვეყნისთვის აუცილებელ მთელ რიგ შეღავათებს. კერძოდ:
ხარკის აღების საკითხი მონღოლებმა მეფეს მიანდეს. თუ მანამდე მონღოლი ბასკაკები უმოწყალო ხერხებით კრეფდნენ გადასახადებს, ახლა უკვე გიორგი V განკარგავდა გადასახადებს. ბუნებრივია, თანხის ძირითადი ნაწილი მონღოლებთან იგზავნებოდა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა უკვე საქართველოშიც რჩებოდა და ქვეყნის ხელისუფლების გაძლიერებას ხმარდებოდა.
მონღოლებმა გიორგი V-ს მისცეს დასტური, გაეერთიანებინა და თავისი მბრძანებლობისთვის დაექვემდებარებინა მთელი საქართველო. ჭკვიანმა მეფემ დაარწმუნა მონღოლები, რომ გაერთიანებული და ძლიერი საქართველო მათ ინტერესებშიც შედიოდა; რომ ამით კიდევ მეტად გაიზრდებოდა ხარკის ოდენობაცა და ჯარის რიცხოვნობაც, რომელიც ილხანთა სახელმწიფოს ძლიერებისთვის დაღვრიდა სისხლს.
საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიების სრული მართვა-გამგეობა გიორგი ბრწყინვალეს ხელში გადავიდა.
მონღოლებმა საქართველოდან ის მცირერიცხოვანი მონღოლური არმიაც გაიწვიეს, რომელიც ქვეყანაში „წესრიგის დამყარების“ მისიით რჩებოდა და ეს საქმეც გიორგი მეხუთეს მიენდო...

ამგვარად, ბრწყინვალე გონების შორსმჭვრეტელმა მეფემ ლამის წვეთი სისხლის დაუღვრელად მიაღწია იმას, რისთვისაც ათობით წლის განმავლობაში უშეღავათოდ იბრძოდნენ საქართველოს მთავრები და მეფეები.

როგორც კი მონღოლებთან ურთიერთობა დაარეგულირა, მეფე გიორგი ქვეყნის გაერთიანებასა და წესრიგის დამყარებას შეუდგა. უპირველესად მოშლილი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების აღდგენა-განმტკიცებაზე დაიწყო ზრუნვა — თამარის დროინდელი სავაზირო და, შესაბამისად, ძველი სამოხელეო ტიტულები აღადგინა. შემდეგ კი „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მკაცრად განსაზღვრა მათი უფლება-მოვალეობები.

გიორგი ბრწყინვალემ წესრიგი დაამყარა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და არაგვისა და ცხრაზმისხევის საერისთავოს შორის ამტყდარი შინაომი აღკვეთა. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მეფემ თავისი გაიტანა და მაინც დააზავა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებული მთიელები. შეიქმნა ბრწყინვალე საკანონმდებლო დოკუმენტი „ძეგლისდება“, და მთაში არსებული პრობლემების მოგვარება კანონით განისაზღვრა.
მეფემ ასევე აღკვეთა ოსთა თარეში და შიდა ქართლში შემოჭრილი გადამთიელები ქვეყნიდან გააძევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელმაც ქვეყანას ძალზე სერიოზული საფრთხე ააცილა თავიდან.
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი ბრწყინვალეს შესახებ

„ხოლო ამისათვის ეწოდა მეფესა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე უხვი, ობოლთა და ქურივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი... სძლო ყოველთა, სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა — სიბრძნე-გონიერებითა და მეცნიერებითა...“

განშლაშეკუმშვა
გიორგი ბრწყინვალემ ისარგებლა ჩობან ნოინის ნდობით და მიიღო მეტად გაბედული გადაწყვეტილება: მუსრი გაავლო მოღალატე ერისთავებს. ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მოსპო ის „მეხუთე კოლონა“, რომელიც ნებისმიერი დამპყრობლის დასაყრდენს წარმოადგენდა. ამისათვის მეფემ ცივის მთაზე სადარბაზოდ იხმო მოღალატე ერისთავები და ერთიანად გაჟლიტა. ამით მან ხელის ერთი დაკვრით მოიშორა თავიდან ყველა ის სერიოზული ფიგურა, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოს გაერთიანებასა და სამეფო ხელისუფლების განმტკიცებაში.

ამან იმდენად დიდი შოკი გამოიწვია მაშინდელ საზოგადოებაში, რომ ყველას ერთბაშად დაეკარგა ღალატზე ფიქრის სურვილიც კი. ყველა მიხვდა, რომ დიდ ყაენთან მეგობრობაც კი არ იყო პირადი უსაფრთხოების გარანტია, თუ საქართველოს მეფის წინააღმდეგ წავიდოდნენ.
შედარებით უპრობლემოდ მოგვარდა სამცხის საკითხიც. ილხანთა მესვეურებმა გიორგი მეხუთის თხოვნით გააუქმეს „ხასინჯუს“ წესი სამცხეში და გიორგი ბრწყინვალემაც უსისხლოდ დაიმორჩილა სამცხე, რომლის მთავარიც მისი დედის ძმა, სარგისი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ მეფე სამცხეში ჩავიდა და სარგისის ძე ყვარყვარე მთავრად თავად დაამტკიცა. ეს ფაქტი სამცხეზე მეფის უზენაესობის აღდგენასა და მის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ნიშნავდა.

ასე და ამგვარად აძლიერებდა ბრძენი მეფე ქვეყანას ისევ და ისევ მონღოლთა დახმარებით.
მერე კი, როცა საილხანოში შინაომი ატყდა, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლებს ხარკის მიცემაზე უარი შეუთვალა და აქტიურ ქმედებაზე გადავიდა. კერძოდ, 1329 წელს, როდესაც ქუთაისში კონსტანტინე IX გარდაიცვალა, მეფე გიორგიმ ჯარი შეიყვანა დასავლეთ საქართველოში, გააუქმა იქ ცალკე სამეფო და განდგომილი დასავლეთი ქვეყანას შემოუერთა.

გარდა ამისა, გიორგი ბრწყინვალემ ყმადნაფიცობის სტატუსით დაიმორჩილა ჩრდილოეთ კავკასია და სომხური ოლქები. მისი გავლენა აღდგა ტრაპიზონის იმპერიაშიც, სადაც ძალაუფლება ხელთ მისმა მომხრე ანახუტლუმ იგდო.

და ასე თანდათან გაიზარდა საქართველოს გავლენა უცხოეთშიც. ეგვიპტის სულთნები გიორგი მეხუთეს „ძლევამოსილ მეფედ“ მოიხსენიებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მისი კეთილგანწყობა და მეგობრობა მოეპოვებინათ. ამადაც, გიორგი ბრწყინვალეს ერთი თხოვნაც კი საკმარისი შეიქნა იმისთვის, რომ ეგვიპტეს წმინდა მიწაზე ქართველთა მიერ აგებული სალოცავები დაეთმო. სწორედ მაშინ მიეცათ ქართველებს უფლება, წმიდა ქალაქში ცხენზე ამხედრებულებს, იარაღასხმულებს, გაშლილი დროშებით შესულიყვნენ. არავის სხვას ამის უფლება არ გააჩნდა!
ძლევამოსილი მეფე გიორგი V ბრწყინვალე 1346 წელს გარდაიცვალა, შთამომავლობას კი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული კავკასიური, ქართული იმპერია დაუტოვა.
ყველა ახალი ამბავი
0