მოსაზრება: რუსეთი და ირანი მზად არიან სტრატეგიული ალიანსისთვის

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
ვლადიმირ პუტინი ირანში მეხუთედ იმყოფება. ბევრია ეს თუ ცოტა? თუ 2000 წლიდან დავითვლით, როდესაც ის რუსეთის ხელმძღვანელი გახდა, მაშინ, როგორც ჩანს, ცოტაა. მაგრამ თუ ვიზიტების თარიღებს გადახედავთ, სულ სხვა სურათს მიიღებთ. ირკვევა, რომ მიმდინარე მოგზაურობა მეოთხეა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.
დიახ, პუტინი პირველად თეირანში 2007 წელს ჩავიდა, მაგრამ რეგულარული მოგზაურობები მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ამასთან, პუტინის ყველა ვიზიტი სამუშაო ხასიათს ატარებს, ანუ ის არასოდეს ყოფილა ოფიციალური ვიზიტით ისლამურ რესპუბლიკაში. მისი ყოველი ვიზიტი დაკავშირებული იყო ირანის დედაქალაქში გამართულ რაიმე მრავალმხრივ ღონისძიებასთან: კასპიის ფორუმთან, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების სამიტთან... ან, როგორც ამჯერად, „ასტანის ფორმატთან“, ანუ რუსეთ-თურქეთი-ირანის სამმხრივ სამიტთან.
ეს „დიდი სამეული“ ხუთი წლის წინ დაარსდა სირიაში კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ დიდი ხანია, რაც სირიის პრობლემატიკა გადალახა. ეს იმიტომ, რომ სამივე ქვეყანა ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოა და მათ აქვთ რაღაც განსახილველი ერთმანეთთან.
ამასთან, თუ თურქეთის წონა როგორც რეგიონულ, ისე მსოფლიო საქმეებში საკმაოდ კარგად არის გაგებული, ირანის როლს რუსეთში მრავალი წლის განმავლობაში სათანადოდ არ აფასებდნენ. უფრო სწორედ, აბსოლუტურად არასწორად აფასებდნენ.
მიზეზი მარტივია: ჩვენი დასავლური ორიენტაციის ექსპერტები რუსეთის დიდ მეზობელს ძირითადად დასავლური სათვალით უყურებდნენ: გარიყული ქვეყანა, რაკეტებით შეიარაღებული და ატომური ბომბის მიღების მსურველი მოლები, თეოკრატია, რეპრესიული რეჟიმი, საფრთხე ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, ისლამისტი ფანატიკოსები და ა.შ. მოკლედ, რაღაც აღმოსავლური ორმო, რომელიც ვერ შეედრება მოწინავე, განათლებულ და მდიდარ დასავლეთს.
პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი ირანს სხვა თვალით უყურებდა, მაგრამ რა იცოდა ჩვენმა ხალხმა ისლამური რესპუბლიკის შესახებ? უარეს შემთხვევაში – დასავლური პროპაგანდის მონათხრობი, საუკეთესო შემთხვევაში — „კინომოგზაურთა კლუბის“ გამოძახილები. 2014 წლის შემდეგ აღმოსავლეთისკენ ჩვენმა შებრუნებამაც კი არ შეცვალა ჩვენი სამხრეთელი მეზობლის აღქმა: ნამდვილ ირანს ჯერ კიდევ ძალიან ცუდად იცნობენ რუსეთში.
თუმცა ახლა 20 ან 25 წლიანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისკენ მივდივართ. მას ხელი უკვე მიმდინარე წელს შეიძლება მოეწეროს — იანვარში ახალმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ მოსკოვში ვლადიმირ პუტინს ხელშეკრულების ირანული პროექტი გადასცა, ხოლო გასულ თვეში სერგეი ლავროვმა თეირანში თავისი რუსული ვერსია ჩაიტანა. რუსეთი და ირანი არ გახდებიან სამხედრო მოკავშირეები (მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას სულ უფრო მეტად ავსებს ერთობლივი წვრთნები), მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს ძალიან სერიოზული განვითარება ელოდება.
მეტიც, ირანი სულ უფრო აქტიურად ერთვება რუსეთთან თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში – ის უკვე შევიდა SCO-ში (შესვლის პროცედურა დასრულდება შემოდგომაზე) და სურს შეუერთდეს BRICS-ს. ანუ საუბარია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სრულ კურსზე როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე მსოფლიო ასპარეზზე. რუსეთსა და ირანს ურთიერთქმედების უზარმაზარი პოტენციალი აქვთ — ვაჭრობიდან ჩრდილოეთი–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანამდე, რომელიც ბალტიისპირეთს ირანულ პორტებთან აკავშირებს არაბეთის ზღვაში, ანუ ევროპას ინდოეთთან — კასპიის ზღვის გავლით. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთსა და ევროპას შორის კონფლიქტის გამო მან აქტუალობა დაკარგა — ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ვაჭრობის პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია. რუსეთსა და ევროპას შორის სანქციების ომი დიდხანსაც რომ გაგრძელდეს, დერეფანი რუსეთს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებთან სავაჭროდ დასჭირდება.
და, რაც მთავარია, ირანთან დაახლოება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. იმიტომ რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ დიდი ცივილიზაციების მემკვიდრესთან, 86 მილიონიან მეზობელთან, არამედ მსოფლიოს სულიერად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან.
ირანი არის ჭეშმარიტად სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავისი გზით მიდის, ეძებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ორგანიზების საკუთარ ფორმებს, იცავს ეროვნულ ინტერესებს და არ ემორჩილება რაიმე გარე ზეწოლას. ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი აკეთებს, მაგრამ ასევე ის, რაც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გასაკეთებელი.
და აქ დასავლური მრავალწლიანი სანქციების პირობებში ირანის ცხოვრებისა და განვითარების გამოცდილებაში არ არის საქმე — ესეც გამოდგება, მაგრამ თავად ყოფილი მსოფლიო, რომელშიც დასავლეთს შეეძლო მნიშვნელოვნად დაემუხრუჭებინა ის ქვეყნები, რომლებიც მას არ მოსწონდა (და განადგურებით ემუქრებოდა), წარსულს ბარდება. გაცილებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ირანმა მოახერხა სახელმწიფო სტრუქტურისა და სოციალური ურთიერთობების საკუთარი ფორმულის მოძებნა, ფორმულისა, რომელიც ზუსტად გამოხატავს მის ეროვნულ თვისებებსა და მისწრაფებებს.
ისლამური რესპუბლიკა არ არის უცხო, დასავლური თუ აღმოსავლური ნიმუშების კალკირება — ეს არის უნიკალური ირანული მიგნება. ეს არის კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია როგორც ტრადიციებზე (რელიგიური და ეროვნული), ისე სახალხო წარმომადგენლობის სწორ ფორმასა და ისლამური კანონის გამოყენების იდეაზე. არცერთ დიდ სახელმწიფოს — ირანი კი უდავოდ არის ერთ-ერთი მათგანი — ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ გამოუჩენია მსგავსი კრეატიულობა ახალი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობაში. უკანასკნელი, ვისაც მსგავსი გამოცდილება ჰქონდა, იყო საბჭოთა კავშირი.
და ახლა ისევ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ — ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს არსებობის ახალი ფორმა. არა იმისთვის, რომ დასავლეთთან დაპირისპირებას გავუძლოთ, არამედ იმისთვის, რომ ეს დიდი ხანია თავად გვჭირდება. ირანის გამოცდილება რუსეთს პირდაპირ არ გამოადგება, მაგრამ ირანის სურვილი, მოძებნოს იდეალური სოციალური წესრიგი, ახლოსაა რუსებთან, რომლებიც გრძნობენ თავიანთ პასუხისმგებლობას ადამიანებისა და ღმერთის წინაშე.
ამიტომ პუტინის მეხუთე შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერთან რაჰბარ ჰამენეისთან, არის არა შეხვედრა მხოლოდ ორ ძალიან გავლენიან და ძალიან გამოცდილ სახელმწიფო მოღვაწეს შორის, არამედ ეს ასევე არის ორი ადამიანის შეხვედრა, რომლებსაც სალაპარაკო აქვთ — გლობალური პრობლემებისა და გამოწვევების გარდა.
იმიტომ რომ თუ ორი ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთი და ირანია, საკუთარ სულიერ და ეროვნულ გზას გაჰყვება, ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთად ივლიან. და თითოეული კიდევ უფრო გაძლიერდება — უბრალოდ დასავლეთის გამოწვევებს კი არ უპასუხებენ, არამედ ერთად ააშენებენ ახალ სამყაროს, რომელშიც ტრადიციონალისტი ხალხები შეძლებენ იცხოვრონ თავიანთი წესისა და კანონების მიხედვით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0