პაპუაშვილი: ზეწოლასთან დაკავშირებით მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება შესწავლას მოითხოვს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდება.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით უნდა გაარკვიოს – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მუშაობაში ჩარევას ჰქონდა თუ არა ადგილი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, განაცხადა, რომ გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში ის შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კევინ ბურკს. საელჩოს თანამშრომელი მას საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა.
მოსამართლემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა.

„ეს, თავისთავად, ძალზე სერიოზული განცხადებაა და, რა თქმა უნდა, მას სერიოზული მიდგომა სჭირდება. იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება და დიპლომატიური არხების გამოყენებით საკითხში გაერკვევა... ჯერჯერობით ვხედავთ, რომ საქმეში სიცხადე შეტანილი არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აკეთებენ ანტიდასავლურ განცხადებებს.
„რას ეძახით ანტიდასავლურ განცხადებებს, არ ვიცი. თუ მოსამართლის განცხადებებს გულისხმობთ, არ ვიცი ამ განცხადებაში ანტიდასავლური რა არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჩხიკვაძემ ბურკთან საუბრის კიდევ ერთი დეტალი გაამჟღავნა – მოსამართლის თქმით, ბურკმა მას აცნობა, რომ რამდენიმე დღეში მისი აშშ-ში დაგეგმილი გამგზავრება, რომელიც უკვე გაწერილი იყო, არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს.
მოგვიანებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ სასამართლო პროცესში ჩაერია, სიმართლეს არ შეესაბამება.
ყველა ახალი ამბავი
0