ბახმაროში ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

© courtesy of Bakhmaro Horse Racing Cupდოღი ბახმაროში
დოღი ბახმაროში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, ღონისძიება ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. გურიაში, კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება. ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ბახმაროში დოღი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.

ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია.

ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება.
წელს ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება. წყაროს წყალმა „ბახმარომ" გამარჯვებულებისთვის ფულადი საპრიზო ფონდი 15.000 ლარი დააწესა.
კომპანია „წყალი მარგებელისა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში ოთხი გარბენი შედგება, რომელთა მანძილი შეადგენს 1.200, 1.200, 2.400 და 4.800 მეტრს.
„გურიის თასი“ - მანძილი 1.200 მეტრი, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს;
„გმირების თასი“ - გარბენი 1.200 მეტრის დისტანციით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს;
„ნაბეღლავის თასი“ - გარბენის მანძილი 2.400 მეტრი, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნახევრადწმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს;
„ბახმაროს თასი“ მარულა - მანძილი შეადგენს 4.800 მეტრს, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
საპრიზო თანხებს გამარჯვებულებს გადასცემს წყაროს წყალი „ბახმარო" და „ნაბეღლავი".
რეგისტრაცია გაიმართება 18 აგვისტოს, 12 საათზე ბახმაროში, დოღის სტარტთან. შეჯიბრება 19 აგვისტოს 13:00 საათზე დაიწყება.
ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით.
კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ყველა ახალი ამბავი
0