რამდენს ხარჯავს საქართველო ღვინის პოპულარიზაციაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში: აშშ-ში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, იაპონიაში, გერმანიაში.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ღვინის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე ხარჯავს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა შარშან ამუშავდა. მისი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება საერთაშორისო ბაზრებზე.

„ვფიქრობთ, შემდეგ წლებში ეს თანხა უნდა გაიზარდოს. ამასთან, პროგრამას დაემატა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს უშუალოდ კომპანიების მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას", – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრის თქმით, წელს ხელშეკრულება გაფორმებულია ერთ-ერთ წარმატებულ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.
შამუგიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს ამერიკულ ბაზარზე მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო გავიდა და ექსპორტის ზრდა წელსაც შეინიშნება, მაგრამ პოტენციალი გაცილებით დიდია.

„წელს გვაქვს დაახლოებით 15%-იანი ზრდა, თუმცა ეს მაჩვენებლები არ გვაკმაყოფილებს და გვაქვს ამბიცია, რომ გაცილებით მეტი შედეგები გვქონდეს ამ ბაზარზე; ამის რესურსიც გვაქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა სექტორთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან ერთად“, – განაცხადა მინისტრმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო (0,75 ლ) გაიტანა, რაც 16%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს მაჩვენებლები რეკორდულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორებს შორის რუსეთი პირველ ადგილზე იყო, სადაც ექსპორტირებული იყო 62 მილიონზე მეტი ბოთლი – ექსპორტის მთლიანი მოცულობის 57%.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში: აშშ-ში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, იაპონიაში, გერმანიაში. ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველა დიდ საერთაშორისო გამოფენაზე და ფესტივალზე.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მილიონი ლარიდან 12 მილიონ ლარამდე გაიზარდა. შედეგად, 2012 წლიდან ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 300%-ით. 2012 წელს 43 ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ 23 მილიონი ბოთლი შეადგინა. ხოლო 2021 წლის მონაცემებით, როგორც ითქვა, საქართველომ მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0