„არ ვეთანხმები" - პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
პრემიერ ღარიბაშვილის აზრით, ევროკომისიამ მკაფიო პოზიცია უნდა გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჩამოთვლილია ევროკომისიის რეზოლუციის ის პუნქტები, რომელსაც იგი არ ეთანხმება.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
მანამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში საუბარია ბოლო წლებში საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებასა და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. რეზოლუციაში ასევე ნახსენები იყო ქართველი მილიარდერი, მართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

„როგორც მოგეხსენებათ, 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – ნათქვამია ღარიბაშვილის წერილში.

პრემიერის განცხადებით, რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“.
ღარიბაშვილის თქმით, გარდა ამისა, რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, რეზოლუციაში ეს ჩანაწერები უსაფუძვლოა.
„ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რეზოლუციას ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ქვეყანაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის იყენებს.
„ამ თვალსაზრისით ეს პრობლემურია ჩემი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. „შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც ასევე ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს“.
პრემიერის განმარტებით, ევროკომისიამ მკაფიო პოზიცია უნდა გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული.

„მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით. თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული“, – წერს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს.
გარდა ამისა, პრემიერმა ასევე აქცენტი გააკეთა რეზოლუციის იმ პუნქტზე, სადაც დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი. ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები ამ ფაქტს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროკომისიამ ეს პუნქტი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო დაამატა.
დანართის სახით პრემიერმა ევროკომისიის თავმჯდომარეს მის მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოქვეყნებული წერილი გაუგზავნა, სადაც იგი დეტალურად განმარტავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთაც საქართველოში მმართველობის სისტემა ეფუძნება.
ყველა ახალი ამბავი
0