მუშაობს თუ არა პარლამენტი? პოზიციის და ოპოზიციის განსხვავებული ვერსიები

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართვისკენ.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო კომიტეტების მუშაობას და ამასთან ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ შვიდი საკომიტეტო სხდომა გაიმართა. გარდა ამისა, ჩატარდა ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 პირობის შესასრულებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხუთი შეხვედრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ და მან იცოდეს, რომ პარლამენტი მუშაობს. დღეს, მაგალითად, თავდაცვის კომიტეტის სხდომაა, სადაც განიხილავენ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხს, რაც 12 პუნქტიდან ერთ-ერთია. ხვალ იურიდიულ კომიტეტს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფთან ექნება შეხვედრა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი რამდენიმე საპარლამენტო პარტიამ განაცხადა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებლმა“, „ლელომ საქართველოსთვის“.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციონერები, რომლებიც მოითხოვენ რიგგარეშე სესიის ჩატარებას, ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, რომ მათ სურთ მუშაობა, ხელისუფლებას კი არა.
„რეალობაში კი საქმე სხვაგვარადაა. სინამდვილეში საპარლამენტო მუშაობა მიდის, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი მას ბოიკოტს უცხადებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიის ჩატარებას. სესია, რომელიც ოპოზიციის თხოვნით პრეზიდენტმა მოიწვია, 18 ივლისს, ორშაბათს უნდა გახსნილიყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის უარის გამო სხდომა არ ჩატარდა.
ოპოზიციის გეგმის თანახმად, სესია კონკრეტული დღის წესრიგით უნდა ჩატარებულიყო, რაც „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს საერთოდ არ შედის 12 პუნქტის საკითხებში... მეორე საკითხი, რომელიც საერთო სასამართლოებს ეხება, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რადგანაც იგი ითვალისწინებს, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადავადებას, 12-პუნქტიან რეკომენდაციებში კი ევროკომისია გვთხოვს, რომ არამოსამართლე წევრები ავირჩიოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მესამე საკითხი, რომელიც ეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან საუბარი ეხება უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმის შემოღებას.
მეოთხე საკითხი, რომელიც ოპოზიციამ დღის წესრიგში შეიტანა, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას ეხება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მაგრამ იმდენად მოცულობითი საკითხია, რომ ჯერ კომიტეტებშიც არ არის განხილული.
„ეს არის საკითხი, რომელიც თანამშრომლობას მოითხოვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პროცესი ინკლუზიური და თანხმობისკენ მიმართული უნდა იყოს, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა.
პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართვისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0