ვიდრე არ გამოჩნდა გიორგი ბრწყინვალე, ანუ ამბავი ოვსთა თარეშისა ქართულ მიწაზე

© Pixabay / NadineDoerleმეომრის აღჭურვილობა
მეომრის აღჭურვილობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
მეცამეტე საუკუნის ბოლოს თათარ-მონღოლებთან ბრძოლაში დასუსტებულ საქართველოს ოსების მხრიდან საფრთხე დაემუქრა. მოთარეშეებს ბელადებიც გამოუჩნდნენ — ძმები ფარეჯან და ბაყათარ. მცირეწლოვანნი იყვნენ, როდესაც მათი ქვრივი დედა ქართლში გადმოსულ ოს ყაჩაღთა დიდ ჯგუფს მეთაურობდა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ XIII საუკუნის მეორე ნახევარში „ოქროს ურდოს“ ყაენმა ბერქამ ალანთა ქვეყანა დაიპყრო და ჩრდილოეთ კავკასიის ტრამალებიდან აყრილი ოსები მთიანეთს მიაწყდნენ. ასე იქცნენ ველად გაზრდილი ოსები მთის მობინადრეებად. თუმცა მონღოლებმა არც იქ დააყენეს ისინი — სამფლობელო დაურბიეს, ხოლო ხალხი დაიმორჩილეს და დახარკეს.

1277 წელს ოსთა მეფე ბაყათარმა (იგივე ბაღათორი) მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. ამბოხებულებმა თავიდან კი სძლიეს დამპყრობლებს და ალანიის დედაქალაქი ჯუმალაგიც გაათავისუფლეს, მაგრამ მერე ყაენმა მანგუმ დიდი ლაშქარი გამოგზავნა და მომხდურმა დაუნდობლად გაჟლიტა ოსები, მიწასთან გაასწორა მათი ქვეყანა, ხოლო ამბოხებულთა მეფე ბაღათორი ბრძოლაში დაიღუპა.

ოსთა მეფის ქვრივმა ხელი მოჰკიდა მცირეწლოვან ფარეჯანსა და ბაყათარს და თავი საქართველოს შეაფარა. მაშინ მათ გარდა უამრავმა დევნილმა ოსმა გადმოლახა კავკასიის მთები, რათა ჩვენს ქვეყანაში ეპოვათ სიმშვიდე და თავშესაფარი.

ქართველთა მეფე დავით მერვემ სამშობლოდან ოტებული, დარბეული ოსები გულმოწყალედ შეიფარა და დმანისისა და ჟინვანის (სოფელი ჟინვალის ტერიტორიაზე, ამჟამად მოქცეულია ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე) მიდამოებში კომპაქტურად ჩაასახლა.

გამოხდა მცირე ხანი და დავით მეფე ქეთაღუ ყაენის დასახმარებლად გაემგზავრა ქვეყნიდან. როგორც კი მონარქი შორს დაიგულეს, ოსებმა დრო იხელთეს და ძარცვა- გლეჯას მიჰყვეს ხელი. არავის და არაფერს ინდობდნენ, ყველაფერს იტაცებდნენ — სურსათ-სანოვაგეს, პირუტყვსა თუ ადამიანებს, რომლებსაც მერე მონათვაჭრებზე სარფიანად ჰყიდნენ. ვინც წინააღმდეგობას სწევდა, შეუბრალებლად კლავდნენ.

განსაკუთრებით ბაღათორის ქვრივმა „გამოიჩინა“ თავი, რომლის მარბიელმა რაზმმაც შიდა ქართლი მთლიანად მოაოხრა. მერე საქართველოში გამოზრდილ-დავაჟკაცებულმა შვილებმა გადაიბარეს დედის „საქმე“. ახლა ისინი ჩაუდგნენ სათავეში მარბიელ ოსებს. ფარეჯანის ყაჩაღებმა1297 წელს გორი დაიკავეს, ქალაქი დაარბიეს და გადაწვეს.

„იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცვად და რბევად და ტყვევნად ქართლისა და ქალაქი გორი წარტყუენეს და თვისად დაიჭირეს ოვსთა“, — წერს მემატიანე.

ამის შემდეგ ძმებმა გორი თავიანთ ბუნაგად აქციეს და იქიდან ესხმოდნენ თავს შიდა ქართლის დანარჩენ ქალაქებსა თუ სოფლებს.

XIII საუკუნის ბოლოს გორი ადმინისტრაციულად ქართლის საერისთაოში შედიოდა და როგორც სავაჭრო ქალაქი მსახურთუხუცესის უწყებას ექვემდებარებოდა. ბუნებრივია, ქართლის ერისთავი და მსახურთუხუცესი სურამელი ვერ ეგუებოდნენ თავიანთ სამფლობელოში ოსთა თარეშს. შეებრძოლნენ კიდეც მათ, მაგრამ უშედეგოდ. გორის ციხეში შეხიზნულმა მარბიელებმა საშველად მუხრანში მდგომ მონღოლებს უხმეს.

„ვითარ მისჭირდა ოვსთა, ციხიდან გადმოუსვეს საბლითა კაცი, და წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა შეეწივნენ“, — გვამცნობს „ქართლის ცხოვრება“.
მონღოლებიც შეეწივნენ ოსებს და გორი ყაჩაღებს დარჩათ.

მას შემდეგ კი, რაც მეფე დავით მერვე მონღოლებს აუჯანყდა, მთლად გათავხედნენ თავის დროზე საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი ოსები. მათმა ფეოდალებმა ბაყათარის მეთაურობით ქვემო ქართლისა და თრიალეთის მოსახლეობის შევიწროებას მიჰყვეს ხელი. ქართველ აზნაურებს მამაპაპეული მამულებიდან აძევებდნენ და თავად იკავებდნენ ნოყიერ და ბარაქიან მიწებს.
ის კი არა, ბაყათარმა სამცხის ფეოდალ კახას ძეს ძამის ციხე წაართვა და მთავარი იძულებული შეიქნა, ოსების შეთავაზებულ ზავს დათანხმებოდა.

მერე კი... მერე ქვეყანას განსაცდელის ჟამს დიდი მეფე გიორგი ბრწყინვალე მოევლინა, რომელმაც, „აღფხურნა ოვსნი და წაართვა მათ ციხენი და დაბანი, რომლებსაც დაეპატრონენ ადგილ-ადგილ“.

ბრძოლა იყო სასტიკი და უშეღავათო. გიორგი ბრწყინვალემ, ჯერ იყო და, ცივის მთაზე მიიწვია ოსი ფეოდალები (კახეთ-ჰერეთისა და სომხითის დაუმორჩილებელ ერისთავებთან ერთად) და ერთიანად გაჟლიტა, შემდეგ კი „გორსა მსხდომ ოვსებზე“ მიიტანა იერიში.
სამ წელიწადს გაგრძელდა ბრძოლა, რომელშიც გიორგი V-ს მთის მოსახლეობა ედგა მხარში. კერძოდ, ცხრაზმის (ქსნის) საერისთაოს ლაშქარი ვირშელ ერისთავის მეთაურობით და „მთიულნი არაგვისანი“. მეფემ ოვსთა ყაჩაღურ ბანდებს მეთოთხმეტე საუკუნის 20-იან წლებში მოუღო ბოლო, მაგრამ ამასაც არ დასჯერდა — ერთი ოსი ყაჩაღიც არ დატოვა ქართულ მიწაზე, უკლებლივ ყველა გააძევა საქართველოდან.

ზაქარია ჭიჭინაძე წერდა:
„მოხდა მალე ის, რომ ქართლში ოსებს კარგი დღე არ დაუდგათ, მთელის ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა, ქართველთაგან წართმეული სახლები წაართვა, ყველა ეს სახლები თავიანთ ძველ სახლის პატრონებს დაუბრუნდა, მთელი აყრილი ოსები ერთ ალაგას შეყარა. მერე მიჰყვა ქართლის დიდი ჯარით და ყველა ეს მცარცველნი ისე გადარეკა ოსეთში, რომ ქართლში ერთი ოსი აღარ დასტოვა. ამ გვარათ გიორგი ბრწყინვალემ დაამშვიდა ქართლი“...
ყველა ახალი ამბავი
0