დასვენების დრო არ არის: პრეზიდენტი პარლამენტის მუშაობის განახლების თაობაზე

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ოპოზიციას პირობების შესასრულებლად გაერთიანებისკენ მოუწოდა.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ევროკომისიის 12 პირობის შესრულების გამოწვევის ფონზე გამართლებულია პარლამენტის სესიის დანიშვნა, ისევე, როგორც კომიტეტებისა და კომისიების ფარგლებში მუშაობა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივნისს დანიშნა. მანამდე სახელმწიფოს მეთაურს აღნიშნული თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა.

„სესიის დანიშვნის თხოვნაზე ხელი მოვაწერე იმიტომ, რომ მიმაჩნია – დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევაა ევროკომისიის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ ექვსი ან შვიდი თვის მანძილზე უნდა შეასრულოს. ვადები მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული, ისევე, როგორც კომისიებისა და კომიტეტების სხდომები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ოპოზიციას პირობების შესასრულებლად გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„მინდა მოვუწოდო ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში და ძალისხმევა არ დაიშურონ იმისთვის, რომ კანონები დროულად მივიღოთ, და ყველა საკითხი, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით, დიალოგით და პარლამენტში ყოფნით იქნას გადაჭრილი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა უკვე დაასრულა, ამიტომაც პლენარული სხდომები არ ტარდება. შესაბამისად, კანონპროექტების მიღებაც ვერ მოხდება, თუ არ ჩატარდება რიგგარეშე სესია.
ამჟამად პარლამენტში მხოლოდ საკომიტეტო სხდომები ტარდება. კომიტეტები მუშაობენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულების თაობაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ გეგმაზე.
„არანაირი შინაარსი არ გააჩნია“: პაპუაშვილი რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხზე>>>
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციის სურვილი, მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია უკვე ინიცირებული კანონპროექტების განსახილველად – ეს არის ქვეყანაში პოლარიზაციის გამწვავების მცდელობა. ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა საზღვარგარეთ იმყოფება, დანარჩენები კი პარლამენტის კომიტეტებში მუშაობენ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა. ისინი მოიხოვენ მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმით მუშაობას.
არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა, რომელსაც ოპოზიცია იშველიებს, მოიცავს კომიტეტების ნაწილის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას, არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0