პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ცხრა ადამიანი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში – „საბუდარასა" და „არგოში", ასევე ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით სასტუმროში მისულ პირებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ სასტუმროების – „არგოსა" და „საბუდარას" ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ქალებისა და მათი კლიენტების ავტომანქანით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პროსტიტუციის ხელშეწყობითა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად ნივთმტკიცებად დიდი ოდენობით ფული ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ასევე მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას.
დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0