მოსაზრება: ბაიდენი-უმცროსი ბაიდენი-უფროსს სძირავს?

© AP Photo / Charles Dharapakჯო და ჰანტერ ბაიდენები
ჯო და ჰანტერ ბაიდენები - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
შემოდგომის არჩევნების წინ რესპუბლიკელებმა სახელოდან მთავარი კოზირი დააძრეს. სავსებით მოსალოდნელად, ეს იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილის ლეგენდარული ლეპტოპი, რომელიც მან სახელოსნოში დატოვა შესაკეთებლად, წაღება კი დაავიწყდა. ლეპტოპი ტონობით კომპრომატს შეიცავდა ამერიკის ნომერ პირველ ოჯახზე. ცოტა ხნის წინ დემოკრატებზე მომუშავე მედიამაც კი აღიარა მათი ავთენტურობა. მანამდე ისინი ორი წლის განმავლობაში იბრძოდნენ „ყველაფერს იტყუებით“ სტილში.
ნარკომანი, ალკოჰოლიკი, მექრთამე, მექალთანე, პორნოსა და მეძავებზე ავადმყოფურად დამოკიდებული — ჰანტერ ბაიდენის შესახებ თითქოს ყველაფერი ცნობილია. მაგრამ არა, ლეპტოპიდან, როგორც სიუხვის რქიდან, კვალავაც იფრქვევა სულ უფრო ახალი აღმოჩენები. საინტერესოა, ჰანტერის რომელი თავგადასავალი ტოვებს გულგრილს ამერიკულ საზოგადოებას და რომელია მათთვის სერიოზულად შოკისმომგვრელი. ეს საკმაოდ კარგად ახასიათებს ამერიკელებს, როგორც ერს.
მაგალითად, უკრაინაში ბიოლაბორატორიებისა და მათი ინვესტიციების თემაზე მიმოწერამ ყველაზე საშიში ვირუსების შემუშავებასთან დაკავშირებით დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა. რას აკეთებდნენ ამ ლაბორატორიებში, რა სასიკვდილო დაავადებებს ამოწმებდნენ უკრაინელებზე, რატომ რიცხავდა ჰანტერი მილიონობით დოლარს (მათ შორის პენტაგონის სახელით), კიდევ რა ინფექციის გაშვებას აპირებდნენ იქიდან მსოფლიოში — ეს კითხვები მთელ პლანეტას აღელვებს, მაგრამ არა შეერთებულ შტატებს.
სამაგიეროდ ვიდეომ, რომელშიც შიშველი ჰანტერი იარაღით დადის სასტუმროს ოთახში ასევე შიშველი გოგონას კომპანიაში, საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
საქმე ისაა, რომ დემოკრატიული პარტია, რომელსაც ბაიდენი უფროსი ეკუთვნის, დაუღალავად იბრძვის იარაღის გაყიდვის აკრძალვის ან შეზღუდვისთვის. როგორც კი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ხდება, დემოკრატები რიტუალურ გოდებას იწყებენ.
ამავდროულად კი ბაიდენი-უმცროსი რეგულარულად ყიდულობს პისტოლეტებს (ამაზე მისი ყოფილი ცოლიც ჩიოდა თავის მოგონებებში) და კამერის წინ პოზირებს, თუ როგორ ატრიალებს იარაღს ქალების წინაშე. ულამაზოდ გამოდის.
რესპუბლიკელები აღშფოთებული არიან, რომლებისთვისაც ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვის თემა ბასრი დანასავითაა, მაგრამ დემოკრატებიც გაბრაზებულები არიან, ვინაიდან ხვდებიან, რომ ჰანტერი მამასაც და მთელ პარტიასაც უქმნის პრობლემებს.
თუმცა, ბაიდენის ლეპტოპის ყველაზე სკანდალური, ყველაზე მტკივნეული, ყველაზე ბინძური თემა სულაც არ არის ნარკოტიკები, იარაღი ან ორგიები. ამერიკელებს ფული უფრო მეტად აღელვებთ. თავისი მშფოთვარე ცხოვრების განმავლობაში ბაიდენი-უმცროსი რამდენჯერმე გაკოტრდა, ერთხელ ქალიშვილის დანაზოგშიც კი „ჩაყო ხელი“, რომელიც მას კოლეჯისთვის ჰქონდა გადადებული. მაგრამ ყოველ ჯერზე ფენიქსივით ამოდიოდა ფერფლიდან და ისევ იწყებდა ათასობით დოლარის გადაყრას ნარკოტიკებსა და მეძავებში.
ოცი წლის განმავლობაში ჰანტერის ხელში ათობით მილიონმა დოლარმა გაიარა. რისთვის და ვისგან იღებდა ფულს? აძლევდა თუ არა ნაწილს მამას? იყენებდა თუ არა მამა სენატორის, ვიცე-პრეზიდენტისა და შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას, რათა როგორმე გადაეხადა თავისი დონორებისთვის? და როგორ მონაწილეობდა ამ ყველაფერში „ბიძია ჯიმი“ – პრეზიდენტის ძმა?
არა, არა, რა თქმა უნდა, „აშშ-ში კორუფცია არ არის“. ეს მანტრა ოცდაათი წელია გვესმის. კორუფცია სადღაც ველურ ხალხებს შორისაა, რომელსაც საშა ბარონ კოენი ასე ჭკვიანურად დასცინის თავის ფილმებში. აშშ-ში ამას უწოდებენ „ლობირებას“, „იურიდიულ მომსახურებას“, ან „დახმარებას ბიზნესის პოპულარიზაციაში“.
მიუხედავად ამისა, ბაიდენების ირგვლივ თანდათან იქმნება ისეთი გაუცხოების ზონა, რომლის ფარგლებშიც ყველაფერია შესაძლებელი. არა, საბედისწერო სიტყვა „ქრთამი“ ჯერ არ გაჟღერებულა, მაგრამ ყველაფერი თანდათან ამისკენ მიდის.
პირველი მერცხალი იყო ჰანტერის ყოფილი ცოლის კეიტლინ ბულეტის მოგონებების წიგნი If We Break ("თუ დავშორდებით"). მასში იგი ფრთხილად მიანიშნებს, რომ ჰანტერს უზარმაზარი დავალიანება ჰქონდა აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიმართ, მაგრამ მან როგორღაც მოაგვარა საკითხი.
ეს ძალიან მტკივნეული თემაა მილიონობით ამერიკელისთვის. უბრალო მოქალაქეებს უფლის სასამართლოსავით ეშინიათ ყველგანმყოფი საგადასახადო ჩინოვნიკებისა და ბრაზდებიან, როცა ხედავენ, რა დაიშვება ამ ფეთქებად სფეროში ყველა სახის მაჟორებისთვის. 2020 წელს, აღშფოთებული საზოგადოების ზეწოლით, დელავერის ფედერალური პროკურორები იძულებული გახდნენ, გამოძიება დაეწყოთ ჰანტერ ბაიდენის საგადასახადო მაქინაციებთან დაკავშირებით.
ირონია აქ ისაა, რომ დელავერის შტატი — ეს კლასიკური ოფშორია შეერთებული შტატების გულში. აქ მალავენ მსოფლიოს უმდიდრესი კორპორაციების მფლობელები თავიანთ ქონებას გადასახადებისგან. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. საუბარია ფულის გათეთრებაზე და საგარეო ინტერესების ლობირებაზეც, მაგრამ შედეგი არ ჩანს.
უფრო მეტიც. იგივე ლეპტოპიდან გამოჩნდა ბაიდენი-უფროსის ხმოვანი შეტყობინებაც, რომელიც მან შვილს 2018 წლის დეკემბერში გაუგზავნა. მოხუცის ბორძიკით წარმოთქმულ გზავნილში სიყვარული და სინაზე ისმის. იგი ალერსიანად აფრთხილებს ჰანტერს გაზეთ New York Times-ში გამოძიების გამოქვეყნების შესახებ. თანაც ამბობს, რომ სტატია კარგი გამოვიდა. „ვფიქრობ, ახლა სუფთა ხარ, – ამბობს ჯო ბაიდენი, – დამირეკე, თუ შეგიძლია, მიყვარხარ“.
„ახლა სუფთა ხარ“ ნიშნავს, რომ წარსულში რაღაც არასუფთა იყო და ჟურნალისტებს შეეძლოთ ამის ამოქექვა. მართლაც, 2018 წლის 12 დეკემბერს The New York Times-ის სტატიაში ჰანტერ ბაიდენისა და ჩინელი ბიზნესმენის პატრიკ ჰოს კავშირებია აღწერილი. თუმცა პუბლიკაციის ავტორებმა გულმოდგინედ გადაიტანეს ფოკუსი ჰანტერიდან და ისიც წყლიდან მშრალი ამოვიდა. ჰოსთან მისი თანამშრომლობის დეტალები მხოლოდ ამ დღეებში გახდა ცნობილი.
აღმოჩნდა, რომ პატრიკ ჰომ ჰანტერს მილიონი დოლარი გადაურიცხა ე.წ. იურიდიული მომსახურებისთვის. აბა, რა სერვისებზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი? ჰანტერის ადვოკატად წარმოდგენა სასაცილოა. თანაც ფასიც ასტრონომიულია. ჩნდება განცდა, რომ შეერთებული შტატების მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის შვილი უბრალოდ „კრიშავდა“ ჩინელს. ასევე დამაფიქრებელია ისიც, რომ 2017 წელს კენედის აეროპორტში ფედერალების მიერ დაკავებულმა ჰომ პირველს ჯეიმს ბაიდენს — იგივე „ბიძია ჯიმს“ დაურეკა.
New York Post-ის ცნობით, ჰანტერმა, მისმა მამა ჯომ და ბიძია ჯიმმა ჰოსთან ერთად მრავალმილიონიანი ერთობლივი პარტნიორობა დაფუძნეს ნავთობის სფეროში. „ათი პროცენტი დიდი ბიჭისკენ წავა“, — ეუბნება ჰანტერი ჩინელს ელექტრონულ მიმოწერაში. „დიდი ბიჭი“ კი — აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.
ამერიკული კორუფციის ერთგვარად მიამიტური სტილი პირდაპირ გასაოცარია. ძვირადღირებული საკვები, ძვირადღირებული სასმელი, ქალბატონები, ნარკოტიკები, პისტოლეტები, კიდევ ეს უვულგარულესი ბრილიანტი. ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის: სანამ ბაიდენის ოჯახით დაკავდებოდა, პატრიკ ჰო, ამერიკული სადაზვერვო სამსახურების თქმით, „აქტიურად აკორუმპირულებდა“ აფრიკის ქვეყნების ლიდერებს.
ამის გარდა, თავის ერთ-ერთ პორნოვიდეოში ჰანტერი სხვათა შორის უყვება მეძავს პატრიკ ჰოსთან თავისი ბიზნესის შესახებ და მას fucking chief spy-ს უწოდებს. აშკარაა, რომ ოფიციალურად ბიზნესმენს მსგავსი არაფერი გაუკეთებია. თუმცა, უნებლიეთ ჩნდება ვარაუდი, რომ ჰო შეიძლება როგორმე იყოს დაკავშირებული ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებთან.
და რა გამოდის? რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ოჯახი ჩინეთის დაზვერვაზე მუშაობდა მცირე ფასად? მაგრამ ეს აღარ არის მხოლოდ მექრთამეობა — ეს სახელმწიფო ღალატია.
მხილებების ახალი პარტიიდან ირკვევა, რომ ჰანტერ ბაიდენი ხელს უწყობდა Google-ის უმაღლესი ჩინოვნიკების ინტერესებს ჩინეთში. სხვათა შორის, ისინი ვაშინგტონის ადმინისტრაციაში უკვე დიდი ხანია წამყვან როლს ასრულებენ. იგივე ერიკ შმიდტი ობამას დროს ავიდა პოლიტიკურ ოლიმპზე და კვლავაც განაგრძობს იქ მუშაობას. მის მიერ შექმნილი „გუგლი“ ორი წლის განმავლობაში ახშობდა საძიებო სისტემებში ბაიდენების ოჯახის ყველა ხსენებას, ფეიკებად ნიშნავდა მათ. ამიტომ უნებურად ჩნდება კითხვა: ვინ მართავს მმართველს? ჯერ კიდევ ბაიდენი იღებს გადაწყვეტილებებს, თუ ამერიკელი ოლიგარქების ჯგუფი კარნახობს?
შეერთებულ შტატებში რესპუბლიკური ელექტორატი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის პრეზიდენტი შვილებითა და ოჯახით ჩინელებს მიეყიდა. დღეს ეს თემა კონკრეტული ბრალდებების დონემდე მიდის. აქ აშკარა კორუფციაცაა და შესაძლო თანამშრომლობაც ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებთან. ბაიდენების მიმართ კითხვები გროვდება.
როგორც ჩანს, თუ ჰანტერის საქმეს სერიოზულად დაატრიალებენ, დემოკრატები მხოლოდ ნოემბრის არჩევნებს კი არ წააგებენ, მათ შეიძლება პრეზიდენტიც ადვილად დაკარგონ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0