საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

© courtesy of Levan Varshalomidzeლევან ვარშალომიძე
ლევან ვარშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი დარჩება.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ლევან ვარშალომიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტის წევრმა სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. სწორედ ასეთი ვითარებაა შექმნილი ვარშალომიძესთან დაკავშირებით.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში 26 პლენარული სხდომა ჩატარდა და ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.
ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პარლამენტის პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა.
მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტში ვარშალომიძის ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია გააუქმა – პარტიის თხოვნის საფუძველზე.
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი დარჩება.
დღეისათვის 150-ადგილიან პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატია, აქედან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია.
ყველა ახალი ამბავი
0