ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი საკანში
პატიმარი საკანში - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
მოსამართლემ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულები აჭარაში, რუსთავსა და თბილისში მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული წესით" გარჩევის ფაქტზე დააკავეს.
საქმე ეხება თურქეთში შესყიდულ დიდი ოდენობით ოქროს, რომელიც საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ყალბი აღმოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, დავაში მხარეებმა ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი, ასევე საზღვარგარეთ მყოფი კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართეს.
მოსამართლემ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილი 5.000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, ნაწილი აღკვეთის გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით 7.000-ლარიან გირაოს.
პოლიციამ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი შვიდი პირი 13 ივლისს დააკავა. კიდევ ორ ​​პირს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის მუხლებით. დაკავებულებს 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
არ არის გამორიცხული, რომ, საქმის გამოძიების პროცესში ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
ყველა ახალი ამბავი
0