მოსმენების საქმე: ტელეარხ „ფორმულას“ წამყვანი დაზარალებულად ცნეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედია ომბუდსმენმა ბრალდებულებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტების, სასულიერო პირების და დიპლომატების მოსმენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან 11 თვის შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი თამარ ჩიხლაძე დაზარალებულად ცნო.
სკანდალი 2021 წელს აგორდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ქართველი სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერები. აღმოჩნდა, რომ არსებობს ათობით ათასი აუდიოჩანაწერი, რომლებიც გაკეთდა 100-ზე მეტი მღვდელმსახურის, ასევე დიპლომატების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლების ფარული თვალთვალისას.
„ფორმულას“ წამყვანი ფიგურირებს ერთ-ერთ ჩანაწერში, სადაც ის და ეკოაქტივისტი ნატა ფერაძე თბილისის ერთ-ერთ ბინაში გარკვეულ საკითხებს განიხილავდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედია ომბუდსმენმა მოსმენებთან დაკავშირებით და ბრალდებულებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საქართველოში დაზარალებულის სტატუსი იძლევა გამოძიების მასალებზე და იმ ინფორმაციაზე წვდომას, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელში აღნიშნავენ, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები.
გარდა ამისა, არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ სასამართლომ სახელმწიფოს დააკისროს მათთვის გამოძიების მასალების წარდგენის ვალდებულება.
საქართველოს პროკურატურამ ფარული მოსმენების გამოძიების საქმეზე დახმარებისთვის დასავლეთის ქვეყნებს მიმართა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან ახსნაც მოუწია, რადგან მასალებს შორის იყო გაშიფრული საუბარი 2020 წლის მარტში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი განიხილავდნენ ეკლესიაში არსებულ ვითარებას და პანდემიის დროს მასობრივი რიტუალების ჩატარებას.
თავის მხრივ, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა თავიანთი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. მათი მონაცემებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პრესას მიაწოდა სუსის ყოფილმა მოხელემ აკაკი ნემსაძემ, რომელმაც გასული წლის ივლისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ ნემსაძემ სიკვდილის წინ გადაწყვიტა დანაშაულებრივი სისტემის მხილება და ფაილები ოპოზიციურ ტელეარხებს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა.
საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ პასუხი გაეცემა კითხვას, იყო თუ არა გავრცელებული ჩანაწერები მოპოვებული კანონის ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0