მოსაზრება: ირანული დრონები რუსეთისთვის - მითები და რეალობა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
ირანული წარმოების დრონების მიწოდება რუსეთის არმიისთვის, რასაც მოსკოვი და თეირანი არ ადასტურებენ, კარგი იდეაა უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის დასაჩქარებლად. ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიური დონე და წარმოების მოცულობა დიდი ხანია აწუხებს დასავლეთს.
აშშ-ის პრეზიდენტის თანამშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 12 ივლისს განაცხადა, რომ ირანი ემზადება რამდენიმე ასეული დრონის რუსეთისთვის გადასაცემად. ვაშინგტონს თითქოს აქვს ინფორმაცია, რომ თეირანი მზადაა მოამზადოს რუსი სპეციალისტები უკვე ივლისში. სალივანის თქმით, „მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ მოლაპარაკებები გაიმართა“.
ეს განცხადება მაშინ გაკეთდა, როცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისთვის ემზადებოდა. ირანული დრონების გამო შფოთვა სპარსეთის ყურის ქვეყნებში საჰაერო თავდაცვის სისტემებით დიდ დაინტერესებას იწვევს. ისრაელის სპეცსამსახურების მონაცემებით, ირანელები რუსეთისთვის დრონების საკუთარი მარაგების გადაცემას აპირებენ, რაც თეირანის რეგიონულ ოპერაციებს შეანელებს, მაგრამ სარგებელს მოუტანს მოსკოვთან ურთიერთობების განვითარებას.
ასეთი დამთხვევები შემთხვევითი არ ჩანს — ვაშინგტონისთვის სასარგებლოა, რომ ერ-რიადმა ყურადღება მიაქციოს ირანული დრონების პროგრამას, ხოლო საუდის არაბეთმა პოზიცია გაამკაცროს რუსეთის მიმართ. ამით შეერთებულ შტატებს შეუძლია მიიღოს ნავთობის დამატებითი მიწოდებები, ხოლო ისრაელს — საუდელების შეკვეთები BARAK-ისა და Spyder-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებსაც Israel Aerospace Industries-ი და Rafael-ი აწარმოებენ.
კრემლმა 13 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დიდად აფასებს საუდის არაბეთთან თანამშრომლობას, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ გეგმავს ირანის ლიდერთან დრონების შესყიდვის განხილვას თეირანში მისი მომავალი ვიზიტის დროს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ-ამირ აბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ თეირანი თავს არიდებს ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება უკრაინაში სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს: „ჩვენ გვაქვს რუსეთთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, მაგრამ კონფლიქტის არცერთ მხარეს არ ვეხმარებით, რადგან გვჯერა, რომ ის უნდა დასრულდეს“.

აღმოსავლური ლენდ-ლიზი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თეირანში ირანისა და თურქეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებს 19 ივლისს გამართავს. ასტანის პროცესის გარანტორი ქვეყნების მეთაურების შეხვედრა სირიის დარეგულირების ხელშესაწყობად არ გამორიცხავს უსაფრთხოების საკითხების ორმხრივ ფორმატში განხილვასა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს. მანამდე მოსკოვსა და თეირანს შორის შესამჩნევი დაახლოება მოხდა კასპიის სამიტზე.
ირანი დრონების წარმოების მხრივ მსოფლიოს ლიდერთა ხუთეულში შედის (აშშ-თან, ისრაელთან, ჩინეთთან და თურქეთთან ერთად). აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე გაჩნდა ინფორმაცია რუსულ-ირანული დრონების შესაძლო წარმოების შესახებ.
წმინდა ჰიპოთეტურად და ტექნოლოგიურად, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ირანს შეუძლია შესთავაზოს რუსეთს საკუთარი კონსტრუქციის არაერთი დრონი, მათ შორის, დამრტყმელი სისტემები: Shahed-ი, Mohajer-ის ტაქტიკური დრონები, Karrar-ის სხვადასხვა ვერსიები და მზვერავი-მოიერიშე დრონები, რომელთა დიაპაზონი 500-დან 1000 კმ-მდეა, Arash-ის კამიკაძე დრონები და სხვ. ეს აღმოსავლური ლენდ-ლიზი იქნება თუ ბარტერი, მნიშვნელობა არ აქვს. ნაწარმი ტექნოლოგიურად კონკურენტუნარიანია, მსოფლიო სტანდარტების დონეზეა.
ირანული Karrar ათ წელზე მეტია გამოიყენება სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად ჰაერი-მიწა და ჰაერ-ჰაერი რაკეტებით. უპილოტო Shahed-129-ს შეუძლია ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Sadid-1-ების ზიდვა და ძალიან ჰგავს ამერიკულ Predator-ს.
ყველა ირანული უპილოტო საფრენი აპარატი არაერთხელ გამოიცადა სირიაში საბრძოლო პირობებში. ირანული დრონები აქტიურად იბრძვიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც — ვენესუელაში, სუდანში, ერაყში, იემენში. ბოლო სამხედრო წვრთნების დროს ისლამური რესპუბლიკის ჩრდილოეთით სატელიტმა WorldView-2-მა ირანული დრონების მთელი არმია გადაიღო სემნანის აეროდრომზე – 154 ერთეული.
ტექნოლოგიური გარღვევა შემთხვევითი არ არის. ისრაელის წყაროების თანახმად, თეირანის ზოგი დრონი ამერიკული და ისრაელის ჩამოგდებული აპარატების პირუკუ პროექტირებას ეფუძნება — იმპორტირებული ელემენტების გამოყენებით.
2011 წლის დეკემბრის ერთ დღეს ირანის არმიამ ამერიკული საიდუმლო სადაზვერვო დრონის RQ-170 Sentinel-ის კონტროლის ჩაჭერა მოახერხა, რომელიც ავღანეთის დასავლეთ ნაწილში პატრულირებდა და ირანის საზღვარი დაარღვია. დრონის განეიტრალებაში მათ „რადიოელექტრონული ბრძოლის გარკვეული საშუალებები“ დაეხმარა ბელარუსიდან.
რუსეთში კი, ვიცე-პრემიერ იური ბორისოვის თქმით, „დაგვიანებით დაიწყეს დრონების სერიოზულად დანერგვა". შემუშავებულია თითქმის ყველა მოდიფიკაცია: სადაზვერვო, დარტყმითი, ტაქტიკური, ოპერატიული და ოპერატიულ-ტაქტიკური, თუმცა სერიულ წარმოებაში დიდი უპირატესობით მხოლოდ „ორიონი“ და „ფორპოსტი“ ლიდერობენ. არსებული ინფორმაციით, დრონები არ არის საკმარისი.
თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში ირანული დრონების მიწოდება რუსეთისთვის რეალობად იქცევა, ახალი „დრონების არმია“ დააჩქარებს სპეცოპერაციას უკრაინაში. აღმოსავლური ლენდ-ლიზი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის შემოდგომა-ზამთრის ეტაპისთვის.
ამის პარალელურად ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსებმა 12 ივლისს მიტჩელის ინსტიტუტის სემინარზე მოუწოდეს თეთრ სახლს, უარი თქვას „თავშეკავებაზე“ და კიევის რეჟიმს გამანადგურებელი F-16-ები, MQ-1C Grey Eagles-ისა და MQ-9 Reapers-ის დრონები მიაწოდოს აშშ-ის არმიის მარაგებიდან.
როგორც თავდაცვის მინისტრის ყოფილმა თანაშემწემ ეველინ ფარკასმა თქვა: „ეს არის ბრძოლა... არა მხოლოდ უკრაინისთვის, არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ საერთაშორისო წესრიგისთვის. და თუ ჩვენ არ დავამარცხებთ რუსეთს უკრაინის ბრძოლის ველზე, ჩვენ ბევრი პრობლემა გვექნება პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0