მოსაზრება: პუტინის პრობლემა - დასავლეთში მეტოქეები გათავდა

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / ფოტობანკში გადასვლა
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
პიოტრ აკოპოვი
იაპონიაში გუშინწინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე დაკრძალეს, გუშინ კი ბრიტანელმა კონსერვატორებმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევის პროცედურა დაიწყეს, რომელიც წასულს შეცვლის.
ბორის ჯონსონის გადადგომამ და შინძო აბეს მკვლელობამ დასავლეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მონიშნა — გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომელსაც პრაქტიკულად შუამავლობითი ომის მდგომარეობაში შევეჯახეთ. საუბარია ლიდერობის კრიზისზე. თუ პიროვნების როლი ჩვეულებრივ დროსაც კი დიდია, მაშინ რა შეიძლება ითქვას ისეთ გარდამტეხ და ცხელ ეპოქაზე, როგორიც ამჟამინდელია.
ჯონსონი და აბე იყვნენ არა მხოლოდ ყველაზე გავლენიანი, არამედ ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსები თავიანთ ქვეყნებში — თანაც დიდი ბრიტანეთი და იაპონია უბრალოდ „დიდი შვიდეულის“ წევრები კი არ არიან, არამედ არიან ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები გლობალურ დონეზე (რასაც ვერ ვიტყვით „შვიდეულში“ შემავალ კანადასა და იტალიაზე).
აბე უკვე აღარ იყო იაპონიის მთავრობის ლიდერი, მაგრამ ის უდიდეს ფრაქციას ხელმძღვანელობდა მმართველ ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში. ამან, მისი გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების ერთობლიობით, ის ნომერ პირველ ფიგურად აქცია იაპონიის პოლიტიკაში. მას არ სჭირდებოდა პრემიერის სავარძლის ხელახლა დაკავება, რათა თავისი ქვეყნის პოლიტიკაზე უზარმაზარი (და ყველა დანარჩენზე აღმატებული) გავლენა მოეხდინა.
ჯონსონი არა მხოლოდ ყველაზე კაშკაშა და ჭკვიანი ბრიტანელი პოლიტიკოსია, არამედ ყველაზე ამბიციურიც. და ის თითქმის აუცილებლად დაბრუნდება დაუნინგ სტრიტზე. თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი გავლენა უმნიშვნელო იქნება და მას მოუწევს გვერდიდან უყუროს მოვლენებს.
მიუხედავად იმისა, რომ აბეს მკვლელობა მარტოხელა ფანატიკოსის საქმე იყო, ხოლო ჯონსონის გადაყენება — მისი მთავრობისა და პარტიული თანამოაზრეების უკმაყოფილების შედეგი, მათ ერთი რამ აქვთ საერთო: ძლიერი ლიდერები გზიდან ჩამოიშორეს. დიახ, ამ ორი მონარქიიდან არცერთი არ მიეკუთვნება ძლიერი ერთპიროვნული ლიდერობის ტრადიციის მქონე ქვეყნებს, მაგრამ არც ძლიერი ფიგურების საჭესთან ყოფნას გამორიცხავენ. მით უმეტეს, კრიზისის დროს — როგორც დასავლეთის ქვეყნებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
მაგრამ იქნებ ჯონსონის წასვლა და აბეს მკვლელობა ისტორიულად შემთხვევითი არ არის? იმ გაგებით, რომ ისინი მთელი ეპოქის დასასრულის სიმბოლოები არიან — დასავლეთის ბატონობის ეპოქისა. 24 თებერვალს საბოლოოდ დაესვა წერტილი დასავლურ ერას — და G7 ქვეყნების რეაქციამ უკრაინაში ჩვენს სპეცოპერაციაზე ეს მხოლოდ დაადასტურა. უფრო სწორედ, არა რეაქციამ, არამედ დასავლეთის მცდელობამ, დაესაჯა და იზოლაციაში მოექცია რუსეთი.
საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ მთელმა არადასავლურმა სამყარომ თქვა უარი დასავლეთის მხარეს დადგომაზე (თუმცა სანქციებში მოყოლაც არ სურთ), არამედ ისიც, რომ სანქციების კონდახი ბუმერანგივით დაუბრუნდა თავად დასავლეთის ლიდერებს.
გასაგებია, რომ G7-ის თითოეულ ქვეყანას საკუთარი შიდა პოლიტიკური სირთულეები ჰქონდა, ხოლო ენერგეტიკული კრიზისი მხოლოდ სიმწვავეს მატებდა, მაგრამ ძნელია არ შეამჩნიო, რომ ხუთი თვე არ გასულა და დასავლეთის წამყვანი ქვეყნების უმეტესობაში ხელისუფლებები უკვე ძალიან დიდ პრობლემებში არიან.
ბაიდენის რეიტინგი 30 პროცენტამდე დაეცა — და ეს პრაქტიკულად გარანტიას იძლევა, რომ მმართველი დემოკრატები ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დამარცხდებიან, ანუ თეთრი სახლი–კონგრესის დონეზე პარტიული ორხელისუფლებიანობა და კონფლიქტები დამკვიდრდება.
ემანუელ მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა — და ახლა მისი მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობას ვეღარ ეყრდნობა.
გაიხლიჩა იტალიის მმართველი კოალიციის მთავარი პარტიაც — „ხუთი ვარსკვლავი“ დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა დი მაიომ და თან წაიყვანა პარლამენტის ექვსი ათეული დეპუტატი. და მიუხედავად იმისა, რომ კონტის მთავრობას ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, განხეთქილების მიზეზი სწორედ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი იყო.
იგივე პრობლემა აწუხებს გერმანიის კაბინეტსაც: მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შენელებისთვის შოლცს მხოლოდ ოპოზიცია უტევს ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით, კანცლერი უკვე უნდა ღელავდეს კოალიციის შენარჩუნებაზე. „მწვანეები“ უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მომხრეები არიან, ლიბერალ-დემოკრატებს კი მათი ცეცხლის გაგრილება სურთ სუფთა ენერგიაზე გადასვლით — რადგან რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ასეთი კრიზისია, „ბინძურ“ ენერგიაზე უარის თქმა ხომ შეიძლება, რომ გადაიდოს.
ბრიტანეთის ხელისუფლების კრიზისი ჯონსონის გადადგომით არ დასრულდება, პირიქით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი ორი წლის განმავლობაში შეიძლება პრემიერ-მინისტრების ძველ იტალიურ-იაპონურ სტილში ცვენას ველოდოთ.
ანუ, გამოდის, რომ G7-ის ყველა საკვანძო ქვეყნის მთავრობების პოზიცია უფრო მოირყა და მათმა ბრძოლამ უკრაინისთვის ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. არა თავად ბრძოლამ, არამედ მისმა შედეგებმა. მაგრამ ჩვენთვის მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: როგორ აისახება ეს მათ პოზიციაზე უკრაინის მიმართ? გააგრძელებენ თუ არა ისინი იარაღის მიწოდების გაზრდას იმ იმედით, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე დაამარცხებენ, თუ ნეგატიური შიდაპოლიტიკური ტენდენციები მათ უფრო ფრთხილს გახდის?
პასუხი არის – არა. იმიტომ რომ იმ მხრიდან ძლიერ მოთამაშეებს ვერ ვხედავთ. დიახ, რუსეთზე გამარჯვებას ყველა დასავლელი ლიდერი არ მოითხოვს — ეს ანგლოსაქსების, ანუ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის პოზიციაა. ბაიდენისა და ჯონსონის პიროვნული თვისებები აქ განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს — ისტებლიშმენტის უმეტესობა იგივე „საბრძოლო პოზიციას“ იკავებს. კონტინენტური ევროპის ლიდერები კი — მაკრონი, შოლცი, დრაგი, მართალია, სიტყვიერად არ უჭერენ მხარს ესკალაციას და „გამარჯვებამდე ომს“, მაგრამ სინამდვილეში ანგლოსაქსების გავლენის ქვეშ ექცევიან. წინააღმდეგობას უწევენ, ამუხრუჭებენ, მაგრამ მაინც მიჰყვებიან ანგლოსაქსების მიერ გავლებულ „ევროპულ გზას“ — რუსეთთან სტრატეგიული განხეთქილებას. ევროპა ყოველთვიურად სულ უფრო და უფრო ერთვება უკრაინის ომში, რითაც ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც იხურება.
ეს არის ისტორიული არჩევანი თავად ევროპისთვის, რომელიც საბოლოოდ დაკარგავს უკრაინასაც და რუსეთთან ურთიერთობასაც. მაგრამ ვინ გააკეთა ეს — ოლაფ შოლცმა? მარიო დრაგიმ? ემანუელ მაკრონმა? ამ ფიგურების მასშტაბები არ შეესაბამება ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რადგან ისინი ვერაფერს დაუპირისპირებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ანგლოსაქსურ თამაშს ევროპის ხარჯზე. თუმცა რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა ისტორიულ პერსპექტივაზე, როცა იძულებული არიან, საკუთარი შიდაპოლიტიკური პოზიციებიც კი მსხვერპლად გაიღონ.
ეს არის კიდეც ლიდერობის კრიზისი — ეროვნული ელიტების სისუსტე. საუბარი არ არის იმაზე, დე გოლი რომ ყოფილიყო მაკრონის ადგილზე, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. საუბარი იმაზეა, რომ დასავლეთ ევროპის ლიდერებს შორის არ მოიძებნა ისეთი, ვინც ვიქტორ ორბანთან ახლოს მაინც მივიდოდა. ანუ ადამიანთან, რომელიც თავისი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს უფროსი პარტნიორის გეოპოლიტიკურ თამაშზე მაღლა აყენებს.
დიახ, ორბანისთვის გარკვეულწილად იოლია — ის მხოლოდ საკუთარ უნგრეთზეა პასუხისმგებელი, მაკრონი, შოლცი და დრაგი კი მთელ ევროპაზე მიიჩნევენ თავს პასუხისმგებლად, რომელშიც ღიად რუსოფობიურ ლობის აქვს გავლენა. მაგრამ პიროვნების მასშტაბს მაინც აქვს მნიშვნელობა. გაუგებარია, როგორ შეუძლიათ მაკრონს ან შოლცს უხელმძღვანელონ ევროპას, თუ ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე არ გრძნობენ პასუხისმგებლობას.
არა, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ გრძნობენ, მაგრამ ისინი ერთპიროვნული მმართველები არ არიან — კოლექტიური ხელმძღვანელობა, პარლამენტი და, საერთოდ, დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლების ცვლა. ჰოდა, მუდმივად უწევთ კოალიციების შექმნა, საშუალო არითმეტიკულის ძიება. და პასუხისმგებლობაც ბუნდოვანდება, პოლიტიკური ლიდერები წვრილდებიან.
ძალაუფლების ორგანიზების მსგავსი სისტემა დასავლეთში ასობით წელია არსებობს. ნეგატიური შერჩევა მე-19 და მე-20 საუკუნეებში იყო. მაგრამ კრიზისის წლებში მას თითქმის ყოველთვის მწვერვალზე აჰყავდა ძლიერი პიროვნებები, რადგან საჭირო იყო სამშობლოს გადარჩენა. ახლა კი ასე არ არის — არც ევროპული სახელმწიფოების დონეზე და არც პანევროპულ დონეზე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კრიზისი არ არსებობს?
არა, ის არსებობს — უბრალოდ ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე თავად დასავლურ ელიტას შეუძლია გაიგოს. მრავალსაუკუნოვანმა სიძლიერემ და გლობალურმა გავლენამ მწარედ იხუმრა მათზე — იმდენად სჯეროდათ, რომ ყოველთვის უხელმძღვანელებდნენ მსოფლიოს, რომ მოსახვევი გამოეპარათ —ინიციატივის დაკარგვის მომენტიცა და არადასავლური სამყაროს მხრიდან დასავლეთისადმი ნდობის კრახიც. ასევე საკუთარი დონის ზოგადი ვარდნაც კი — ადეკვატურობისა და პასიონარულობის ხარისხის დაქვეითება.
როდესაც ეს ყველაფერი გლობალიზაციის ანგლოსაქსური მოდელის კრახს ედება ზემოდან, ვიღებთ იმას, რაც ახლა გვაქვს: პუტინს ახლა ნამდვილად არავის ჰყავს დასავლეთში არავინ ისეთი, ვისაც დაელაპარაკება. აბე მოკლეს, ჯონსონი კი (პუტინის როგორი მტერიც უნდა ყოფილიყო ის) თავიდან მოიშორეს.
ერთადერთი პროფესიონალურად კომპეტენტური დასავლელი ლიდერი – ჯო ბაიდენი, რომელიც ნახევარი საუკუნეა, მსოფლიო პოლიტიკაშია ჩართული, ვერ შეეგუება ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას. თანაც ის ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის და, რაც მთავარია, ხელმძღვანელობს ქვეყანას, რომელიც საძირკვლის ქვეშ დანთებული ფითილით ცხოვრობს.
დანარჩენი დასავლელი ლიდერები ათწლეულების კატეგორიებით არ აზროვნებენ, უფრო სწორედ, ასეთ პერიოდებზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. ამიტომაც პუტინს აქვს რაღაც სალაპარაკო და მოსალაპარაკებელი სი ძინპინთან, მოდისთან, ერდოღანთან, რაჰბარ ჰამენეისთან. და აქ საქმე მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროში კი არ არის, არამედ პრობლემების გაგების დონესა და ისტორიული პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხში. და, რაღა თქმა უნდა, პიროვნების მასშტაბშიც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0