რატომ უნდა აიღოთ სისხლი ანალიზისთვის ვენიდან და არა თითიდან: ექიმების განმარტება

© photo: Sputnik / Varvara Gertie
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ანალიზისთვის ვენიდან სისხლის აღება ბევრს ეშინია, ამიტომ ადამიანების უმეტესობას ურჩევნია თითიდან აიღოს სისხლი. მაგრამ, ექიმების აზრით, ამის გაკეთება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში ღირს, ვინაიდან ასეთი ანალიზი ნაკლებად ზუსტი იქნება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, კაპილარული, ანუ თითიდან სისხლის აღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვენიდან მისი აღება შეუძლებელია. ეს ხდება, მაგალითად, როდესაც ადამიანს აქვს:
ძალიან დაბალი არტერიული წნევა,
მძიმე ფორმის სიმსუქნე,
ვენების სერიოზული დაზიანება,
მასიური დამწვრობა.
დანარჩენ შემთხვევებში კი, მედიკოსების აზრით, ჯობს ადამიანმა შიში და დისკომფორტი დაძლიოს და ვენური სისხლის ანალიზს მიანიჭოს უპირატესობა.

„თითიდან აღებული სისხლი — კაპილარული სისხლისა და ქსოვილთშორისი სითხის ნაზავია. ყველა რეფერენსული მაჩვენებელი კი, რომლებზეც ექიმები ორიენტირდებიან შედეგების ინტერპრეტაციისას, ვენურ სისხლზეა გათვლილი. სწორედ ამიტომ ვენური სისხლის ანალიზი უფრო ზუსტია“, — განმარტავენ ექიმები.

გარდა ამისა, თითიდან სისხლის ანალიზს სხვა უარყოფითი მხარეებიც აქვს:
სისხლის აღებისას თითზე ძლიერმა დაწოლამ შეიძლება ლეიკოციტებისა და ერითროციტების მაჩვენებლები დაამახინჯოს;
თითიდან აღებული სისხლის რაოდენობა საკმარისი არ არის რამდენიმე კვლევის ჩასატარებლად;
კაპილარული სისხლი არ გამოდგება გარკვეული სახის ანალიზებისთვის.
ექიმების თქმით, ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დილით, ჩვეულებრივ, დილის 7 საათიდან 10-11 საათამდე. ეს იმიტომ, რომ ბიომასალა აუცილებლად უზმოზე უნდა იყოს აღებული.
თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მედიკოსებს სისხლის აღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში უწევთ. მაგალითად, როდესაც პაციენტი მოულოდნელად ხვდება საავადმყოფოში, ან პოსტოპერაციულ პერიოდში.
ყველა ახალი ამბავი
0