ბათუმის „დინამო“ დღეს ვლადიმერ ვაისის „სლოვანს“ უმასპინძლებს

© courtesy of Georgian Football Federationბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
„დინამოსა“ და „სლოვანის“ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, სადაც „ტობოლისა“ და „ფერენცვაროშის“ დუელში გამარჯვებულს შეხვდება.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ბათუმის „დინამო“ დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს ბათუმში, სადაც ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპინძლებს.
სლოვაკეთში გამართული შეხვედრა ერთი კვირის წინ ფრედ 0:0 დასრულდა, შესაბამისად, გამარჯვებული გუნდი დღეს გამოვლინდება. შეხვედრა ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და „აჭარაბეთ არენაზე“ სრული ანშლაგია მოსალოდნელი.
„სლოვანთან“ საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს ბათუმური კლუბის კაპიტანი მამუკა კობახიძე, რომელმაც პირველ მატჩში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. „დინამოს“ ვერ დაეხმარება ასევე თორნიკე გაფრინდაშვილი, რომელმაც გუნდი დატოვა, ის კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.
მატჩთან დაკავშირებით მოლოდინებზე კომენტარი გააკეთეს ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და „სლოვანის“ თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა.

„მნიშვნელოვანი თამაშია და მღელვარება თან ახლავს. იმედი მაქვს, თამაშის დაწყებისას ეს მღელვარება გაივლის. ჩვეულებრივად ვემზადებით, ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია. მაღალ დონეზე ნათამაშებ ფეხბურთელებს აქვთ ხოლმე წნეხის მომენტი, რამდენად შევძლებთ ამის დაძლევას, თამაში გვიჩვენებს“, – განაცხადა გეგუჩაძემ.

ვლადიმერ ვაისმა, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს წლების განმავლობაში წვრთნიდა, აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოში დაბრუნება ემოციურია.

„მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. საქართველოში ხუთი წელიწადი ვიცხოვრე და მეორე სახლივით იყო. მე აქ ჩამოვედი არა როგორც მტერი, არამედ როგორც ოპონენტი. ის ფაქტორიცაა, რომ აქ ეროვნული ლიგა მიმდინარეობს, ჩვენთან კი არა. უბურთოდ უნდა ვიმოძრაოთ ბევრი, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა ვაისმა.

აღსანიშნავია, რომ, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან „სლოვანის“ ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. სლოვაკურ კლუბში ირიცხება ასევე ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც პირველ შეხვედრაში შეცვლაზე გამოვიდა.
„დინამოსა“ და „სლოვანის“ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა, სადაც „ტობოლისა“ და „ფერენცვაროშის“ დუელში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი თამაში ყაზახეთში 0:0 დასრულდა. დამარცხებული გუნდი კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო წრეში გადაინაცვლებს, სადაც პოლონურ „ლეხ პოზნანს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ „ლეხში“ ორი ქართველი ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ირიცხებიან.
ყველა ახალი ამბავი
0