თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიბერნი
ბერნი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე 11-12 ივლისს ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს ეწვია.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბერნის მერმა ალეკ ფონ გრაფენრიდმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
კახა კალაძე ბერნში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. თბილისის და ბერნის მერებმა საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი.

„ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
„ჩვენ ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე – ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ბერნის მერმა.
ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0