„...რათა სახე მისი გაფითრებულ არ ეხილა მტერს“ - ცხოვრება და სიკვდილი შავლეგოსი

© courtesy of Vano Pitskhelauriმხედარი
მხედარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
გასული საუკუნის ბოლოს, როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო, თავისუფლებისთვის ბრძოლის ჰიმნად იქცა სიმღერა „შავლეგო", რომელიც ერისთავთერისთავ შალვა თორელს ეძღვნება და რომელიც ჩვენ სინამდვილეში მებრძოლი საქართველოს სიმბოლოდ დამკვიდრდა...
ერისთავთერისთავი, თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების — ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი და მანდატურთუხუცესი შალვა თორელი იყო:

„კაცი შუენიერი და სრული ყოვლითა კეთილითა, ბრძენი გონიერი, მშვიდი, უშურველი, სიმართლის მოქმედი, მოწყალე, საწადელი და საყუარელ მოყუარეთა და ერთგულთა, და საზარელ და საშინელ ურჩთა და წინააღმდგომთა, ხოლო იყო ჭაბუკი ასაკითა და უბრძნეს მოხუცებულთა სათნოებითა, ბრძოლასა შინა უძლეველი და გამომრჩევი ქებული“.

განშლაშეკუმშვა
შალვა თორელმა, შავლეგომ უამრავ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, რასაც მემატიანე საგანგებოდ უსვამს ხაზს: „უკეთუ სადა იყვის ლაშქრობაი იგი, იყუნიან წინამძღუარ მბრძოლთა“.
საბრძოლო ნათლობა, სავარაუდოდ, შამქორთან უნდა მიეღო 1195 წლის 2 ივნისს. მაშინ, ათაბაგ აბუ-ბექრის მრავალრიცხოვან ლაშქართან ომში, საშინელ ხოცვა-ჟლეტაში, როდესაც გამარჯვების სასწორი მუსლიმებისკენ გადაიხარა, შალვა ახალციხელმა მტერს ხალიფის გამოგზავნილი დროშა აართვა, რომელიც მერე მეფე თამარს მიართვა, მეფემ კი ხახულის მონასტერს უსახსოვრა.
მიუხედავად ალყისა, აბუ-ბექრმა მაინც მოახერხა გაქცევა. ქართველებმა განძამდე სდიეს მას. განძა დაეცა. 1199 წელს ქართველებმა ანისი დაიკავეს, 1201 წელს — ბიჯნისი, 1202 წელს კი დვინი შემოიერთეს.
ქართული ლაშქრის წარმატებებმა დიდად განარისხა იკონიის სულთანი რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰი (რუქნადინი). მთელი სამაჰმადიანო ფეხზე დააყენა, ყველა მუსლიმი, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, თავისთან იხმო:
„არა დაუტევა თვინიერ დედაკაცისა სოფელსა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამხედრა“.
1202 წელს ბასიანთან დიდი ბრძოლა გაიმართა. მეომრები საომრად განაწყო დავით სოსლანმა და მოწინავე მხედრობას „კაცნი მხნენი და ყოვლად ჩინებულნი ბრძოლასა შინა“ უწინამძღვრა — მანდატურთუხუცესი შალვა და ძმა მისი იოანე.
უშეღავათო ბრძოლის ბედი სწორედ შალვა ახალციხელის თავგანწირვამ გადაწყვიტა. ერისთავთერისთავი სულთნის კარავთან მიიჭრა, შუა გააპო თურქი მედროშე და საჩრდილობელი თავზე დაამხო რუქნადინს, რომელმაც ძლივს გასწრო ახალციხელის ხმალს. თურქებმა კუდამოძუებული სარდალი რომ იხილეს, უკანმოუხედავად გაიქცნენ — თანაც ისე, რომ ერთმანეთი გადათელეს და გასრისეს.
მერმე იყო და 1223 წელს მონღოლთაგან შევიწროვებულმა ყივჩაღებმა დარუბანდის კარი გადმოლახეს და შირვანის მთა-ბარს მოედვნენ. რბევა-რბევით მიადგნენ განძას, რომლის ამირა ქუშხარაც სიხარულით შეხვდა მძარცველებს. უფრო მეტიც, ყივჩაღები ქირქუნის მიდამოებში დაასახლა. მაგრამ მომთაბარე ურდოს ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეეძლო და მალე საქართველოსკენ წამოემართენ საძარცვავად. ყივჩაღებს შალვა ახალციხელი გაეგება ლაშქრით და ისეთი დღე აყარა, რომ მათმა ბელადმა გაქცევით უშველა თავს.
ყივჩაღები კვლავ ქირქუნის ბანაკში შეიხიზნენ. მათმა წინამძღოლმა ქუშხარა განძელს კაცი მიუგზავნა და ქართველთა წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გასვლა მოსთხოვა. მაგრამ განძელმა შორს დაიჭირა. მაშინ ყივჩაღებმა მუსლიმი მოსახლეობის ძარცვა-რბევას მიჰყვეს ხელი და...
კვლავ გამოჩნდა შალვა ახალციხელი. ისევ დამარცხდენ ყივჩაღნი, ისევ უკუიქცნენ. შალვა ახალციხელმა ურდოს ქართველები და შირვანელები ჩაუყენა კვალში. აუარება მომხდური გაწყვიტეს და დაატყვევეს მაშინ, შირვანისა და დარუბანდის ბაზრებზე ყივჩაღი ტყვე ჩალის ფასად იყიდებოდა თურმე...
1225 წელს, აგვისტოს მიწურულს სომხეთში, დვინის ჩრდილოეთით, ციხე-სიმაგრე გარნისთან პირისპირ დადგა 200.000 მუსლიმი და 60.000 ქართველი მეომარი. ქართველები მთაზე დაბანაკდნენ, ხოლო გაშლილი ველი ჯალალ ად-დინის (ჯალალედინი) მეომრებით გადაივსო. ორი დღე უმოქმედო დგომაში გავიდა, ორთავე მხარე ერიდებოდა პირველი გადასულიყო შეტევაზე. ბოლოს ჯალალედინს მოთმინებამ უმტყუნა და იერიში ბრძანა.
ცხადი იყო, რომ მტერთან შედარებით მცირერიცხოვანი ქართველებისთვის გაშლილ ველზე ჩასვლა და იქ ომში ჩაბმა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, მაგრამ ამირსპასალარმა ივანე მხარგრძელმა მეწინავე ჯარს უბრძანა, მტერს ჩაგებებოდა.
თორელებიც სწრაფად დაეშვნენ. მტერს მიეჭრენ თუ არა, შალვა ახალციხელმა ამირსპასალართან შიკრიკი აფრინა, დახმარება ითხოვა და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება — მაშველისთვის დაცდა არც უფიქრია, „მათ არღარა რიდეს სიმრავლესა სულთნის სპათასა, ვითარ მხეცნი ზედა მიეტევნეს და იქმნეს ძლიერნი ომნი“.
მხარგრძელისგან კი მაშველი ჯარი არადა არ გამოჩნდა. ახალციხელმა კვლავ აფრინა შიკრიკი... გაჭიანურდა ომი. ზემოდან თავგანწირული დაწოლით ძლივს აკავებდნენ ერთი მუჭა ქართველები უწყვეტად მომდინარე ხორეზმელთა ლაშქარს. მაშველი კი ისევ არ ჩანდა. კიდევ ერთი შიკრიკი გაფრინდა ამირსპასალარისკენ...
შეთხელდა თორელთა რიგები. ცხენები დაეხოცათ შალვასა და ივანეს. ქვეითად განაგრძეს ბრძოლა. უსულოდ დაეცნენ სისხლისგან დაცლილი უკანასკნელი თორელნი, ჯავახელნი, სამცხელნი... გადარჩენილებმა მახლობელი კლდისკენ დაიხიეს თავის შესაფარებლად. უზარმაზარი ქვა მოსწყდა კლდეს და თან დაიტანა ოტებული ივანე ახალციხელი.
ძმა მისი, ერისთავთერისთავი შალვა კი მანამ იბრძოდა, სანამ მხოლოდ ხმლის ვადაღა არ შერჩა ხელში. მერმე კი...

„მითვე ვადითა მკერდი შეუნგრია უახლოეს თურქმანს, მერე ვადა შორს გატყორცნა და უმალვე დაცემულ მტერს სისხლამონახეთქ მკერდზე დააფრინდა, პეშვით სისხლი აართვა და სახეზე შეიქცია, ასე ინება გმირმა, რათა სახე მისი გაფითრებული არ ეხილა მტერს“...

დატყვევებული შალვა ახალციხელი ჯალალედინს მიჰგვარეს ხვარაზმელებმა. არ ინება სასტიკმა მბრძანებელმა გარნისის გმირის დასჯა. პირიქით, განკარგულება გასცა:
„პატივი მიეგოს შალვა ახალციხელს და სამმართველოდ მიენიჭოს ქალაქნი ადარბადაგანისანი, მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ“.
ბოლოს ისე დაიახლოვა ხვარამზშამ ახალციხელი, რომ საიდუმლო გეგმებსაც ანდობდა და აზრსაც ეკითხებოდა. ისიც სარგებლობდა ამ ნდობით და ქართველებს მოახლობულ საფრთხეს წერილობით ამცნობდა ხოლმე.
კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ერთი საბედისწერო შეხვედრა.
ჯალალედინის მიერ რუსუდანის კარზე გაგზავნილი ელჩი გზაში შემთხვევით გადაყრია შალვა ახალციხელის მსტოვარს. ეჭვის ჭია შესჩენია ხორეზმელს, შემხვედრი დაუთვრია და სიმართლე დაუფქვევინებია. მსტოვარს ისიც უთქვამს, ჯალალედინს სამაგიეროს მარქაბის ველზე მივუზღავთო. ელჩს თორელის მსტოვარი მოუკლავს, წერილი კი მდინარე არაქსის პირას დაბანაკებული მბრძანებლისთვის მიურთმევია კარავში.
გასჭირვებია ხორეზმშაჰს ახალციხელის ღალატის დაჯერება. არ ემეტებოდა სასიკვდილოდ იგი. ამიტომაც გამოცდა მოუწყია მისთვის. სათათბიროდ დაუბარებია სხვა დიდებულებთან ერთად და რჩევა უკითხავს: საქართველოზე სალაშქროდ რომელი გზა ჯობს – ყარსისა თუ მარქაბის ხეობისაო? გარნისის გმირს მარქაბის გზა ურჩევია მბრძანებლისთვის, უფრო მოკლეა და თბილისამდე მალე მიგვიყვანსო.
უსაზღვრო რისხვამ აიტანა ჯალალ ად-დინი, იქვე აღასრულებინა სასიკვდილო განაჩენი — ჯალათმა მდინარის პირას გააგდებინა თავი შავლეგოს — „რომელმან ძალითა ლომთისაითა და მკლავითა თვისითა შეაძრწუნა ყოველი სოფელი სპარსეთისაი“...
ყველა ახალი ამბავი
0